Accessibility links

ტრამპის განცხადებები და სინამდვილე - AP აშშ-ის პრეზიდენტის გამონათქვამებს ამოწმებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა 4 თებერვალს კონგრესის ორივე პალატას მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ამერიკის პრეზიდენტმა ილაპარაკა აშშ-ის დიდებული დაბრუნების შესახებ და თქვა, რომ ბოლო სამ წელიწადში შეიქმნა 7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, მკვეთრად შემცირდა სიღარიბე და იკლო დანაშაულმა.

სააგენტო The Associated Press-მა (AP) აშშ-ის პრეზიდენტის მოხსენებაში გაკეთებული ზოგიერთი განცხადება შეამოწმა და რეალურად არსებულ ვითარებას შეადარა. აი, რა დაადგინა AP-მ:

იმიგრაცია

ტრამპი: ვიდრე თანამდებობას დავიკავებდი, იმიგრანტებს შეეძლოთ ქვეყნის სამხრეთით მდებარე საზღვარი არალეგალურად გადმოეკვეთათ და თუ მათ დააკავებდნენ, შემდეგ ისევ უშვებდნენ ჩვენს ქვეყანაში და მათი კვალი ქრებოდა. ახლა, თუ ქვეყანაში არალეგალურად შემოხვალ, მყისიერად გაგაძევებენ.

ფაქტები: არ არის მართალი. წინა ადმინისტრაციების დროს, მექსიკელებს კვლავ საზღვრის მიღმა აბრუნებდნენ, ზოგი კი დაკავებული ჰყავდათ, ვიდრე მათი დეპორტაციის საქმე განიხილებოდა.

მიუხედავად ტრამპის მტკიცებისა, რომ მიგრანტებს ახლა „მყისიერად აძევებენ“, ამჟამად სასამართლოში იმიგრაციასთან დაკავშირებული მილიონზე მეტი საქმეა განსახილველი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ მიგრანტს სამ წლამდე უწევს მოცდა, ვიდრე მათი დეპორტაციის საკითხი განიხილებოდეს.

სამუშაო ადგილები და ეკონომიკა

ტრამპი: მექსიკასთან და კანადასთან დადებული შეთანხმება შექმნის 100 ათასამდე სამუშაო ადგილს ამერიკის საავტომობილო მრეწველობაში და საგრძნობლად გაზრდის ექსპორტს

ფაქტები: პრეზიდენტი აჭარბებს. აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის კომისიამ კანადასთან და მექსიკასთან დადებული ხელშეკრულება აპრილის მოხსენებაში მიმოიხილა. მათი მოხსენების მიხედვით, ეს შეთანხმება, მისი იმპლემენტაციიდან 6 წლის შემდეგ პერიოდში 28 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის ამერიკის საავტომობილო მრეწველობაში. მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სხვა მეთოდოლოგიას ეყრდნობოდნენ, უთქვამთ, რომ შეთანხმება 76 ათას სამუშაო ადგილს დაამატებდა.

ტრამპი: წინა ადმინისტრაციის პირობებში სამუშაო ასაკის მქონე 300 ათასი დარჩა სამსახურის გარეშე. ჩემი პრეზიდენტობის მხოლოდ 3 წლის განმავლობაში კი 3,5 მილიონმა სამუშაო ასაკის ადამიანი შეუერთდა დასაქმებულთა რიგებს.

ფაქტები: გაუგებარია, რას გულისხმობს პრეზიდენტი „სამუშაო ასაკში“, მაგრამ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მისი განცხადება მცდარია.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში სამუშაო ძალა 5,06 მილიონით გაიზარდა. ეს ასახავდა ეკონომიკის ზრდას რეცესიის შემდეგ და მოსახლეობის რაოდენობის ზრდას. ტრამპის პრეზიდენტობის 3 წლის განმავლობაში სამუშაო ძალა მნიშვნელოვნად, 4,86 მილიონით გაიზარდა.

ტრამპი: როგორც კი მუშაობას შევუდექი, დავიწყე აშშ-ის ეკონომიკის გაჯანსაღება - გავაუქმე არასაჭირო რეგულაციები, შევამცირე გადასახადები და ვიბრძოლე ვაჭრობის სამართლიანიშეთანხმებებისთვის.

ფაქტები: აშშ-ის ეკონომიკა მართლაც ჯანსაღია, თუმცა ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც არაერთი შეფერხება ჰქონია. ეკონომიკა შარშან 2,3%-ით გაიზარდა, რაც რეცესიის შემდეგ არსებულ ტენდენციებს მიჰყვება, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას - ტრამპი ამომრჩეველს 3-4 პროცენტიან ზრდაზე ელაპარაკებოდა.

წამლების ფასები

ტრამპი: პირველად 51 წლის განმავლობაში, რეცეპტით გასაცემი წამლების ფასები შემცირდა.

ფაქტები: რეცეპტის გასაცემი წამლის ფასებმა დაიწია, თუმცა ეს ჯენერიკ მედიკამენტების ხარჯზე ხდება. ბრენდირებული წამლების ფასები იზრდება, თუმცა მცირედით. ექსპერტების შეფასებით წამლების ფასმა 2018 წელს 1 პროცენტით დაიკლო, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა 45 წლის განმავლობაში.

წარმოება

ტრამპი: ჩვენ აღვადგინეთ ამერიკული წარმოება. წინა ორი პრეზიდენტის დროს დავკარგეთ 60 ათასი ქარხანა, ჩემი ადმინისტრაციის პირობებში კი ამერიკამ 12 ათასი ახალი ქარხანა მიიღო.

ფაქტები: წარმოება გასული წლის განმავლობაში დაეცა, წინა ორწლიანი ზრდის შემდეგ. ტარიფების ომმა და მსოფლიო ზრდის შეფერხებამ სექტორს დიდი ზიანი მიაყენა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ქარხნების წარმადობა 1,3 პროცენტით შემცირდა. სამუშაო ადგილების ზრდა საწარმოო სექტორში 2018 წლის მაჩვენებლიდან, 260 ათასიდან 2019 წელს 46 ათასამდე ჩამოვიდა.

ნავთობი და გაზი

ტრამპი: რეგულაციების შემცირების შედეგად აშშ ნავთობისა და გაზის მსოფლიოში ყველაზე დიდი მომპოვებელი გახდა.

ფაქტები: ტრამპი წინა პრეზიდენტის დროს დაწყებული ნავთობის ბუმის შედეგებს მიიწერს. აშშ 2009 წლიდან მოყოლებულია ბუნებრივი გაზის ყველაზე დიდი მომპოვებელი მსოფლიოში, 2013 წლიდან მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობის ნახშირწყალბადს მოიპოვებს, 2018 წელს კი ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილი მომპოვებელი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG