Accessibility links

logo-print logo-print

მდინარაძე: კაპანაძემ ვერ თქვა, რომ ODHIR-ის დასკვნით, გერმანული მოდელი კონსტიტუციურია


„მე მხოლოდ ოპოზიციის ბრიფინგი მაქვს ნანახი და აქედანაც, ეუთო/ODHIR-ის დასკვნის გაცნობის გარეშეც ჩანს, რომ ისინი [„ევროპული საქართველო“] აპირებენ, საქართველოს და ქართულ საზოგადოებას ახალი ტყუილი მოახვიონ. ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემთ“, - ასეთია პირველი გამოხმაურება „ქართული ოცნებიდან“ ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ კანონპროექტზე ეუთო/ODHIR-ის მიერ მომზადებულ დასკვნაზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იმასაც დასძენს, რომ მთელ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს, გაგზავნილი იყო თუ არა გერმანული მოდელი და ეუთო/ODHIR ამბობს თუ არა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში?

„ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს. ახლა სიტყვების მანიპულირებით ცდილობენ, ქართული საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ამის დადგენა იყო, არის და იქნება შეუძლებელი. სერგი კაპანაძემ ვერ თქვა, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. წერია სადმე, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას?“ - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის შესახებ დასკვნაში მითითებას, მდინარაძის თქმით, ეს მსჯელობის საგანია და ამას მათ ევროპელი კოლეგებიც მოუწოდებდნენ.

მდინარაძემ ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომელიც მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრას ეხება.

„თუ საუბარია მაჟორიტარული ნაწილისთვის ავღანურ ვერსიაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობდით, რომ ეს შესაძლებელია ფორმალურად იყოს შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, მაგრამ არის მიუღებელი და აქ არის სხვა არგუმენტები“, - თქვა მდინარაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძემ ეუთო/ODHIR-ის დასკვნის შესახებ თქვა, რომ დოკუმენტის თანახმად, ე.წ. გერმანული მოდელი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„რაც მთავარია, არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ შემოთავაზებული მოდელი არაკონსტიტუციურია“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის მიერ ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ კანონპროექტზე ეუთო/ODHIR-მა დასკვნა გამოაქვეყნა. ამ თხოვნით მას სახალხო დამცველმა დეკემბერში მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG