Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი: რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოს შექმნის მომხრეთა რიცხვმა ერთი მესამედით იკლო


ბელარუსის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან ერთად საკავშირო სახელმწიფოს შექმნას, ერთი წლის განმავლობაში 20 პროცენტით შემცირდა, იტყობინება გამოცემა „კომერსანტი“ ბელარუსის ანდრეი ვარდომაცკის ანალიტიკური ცენტრის სოციალური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

თუკი 2019 წლის დამდეგს რუსეთთან კავშირის მომხრე იყო მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 40 პროცენტამდე დაეცა.

ამასთან, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ბელარუსის მოსახლეობაში გაიზარდა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი.

შარშან ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები არ გამორიცხავდნენ ორი ქვეყნის ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. ასახელებდნენ ხელმოწერის სავარაუდო თარიღს - 8 დეკემბერს. მაგრამ ორი ქვეყნის ლიდერს შორის სოჭში გამართულ შეხვედრაზე ვერ მოხერხდა ინტეგრაციის „გზამკვლევი“ დოკუმენტების შეთანხმება.

ამის შემდეგ მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები საერთოდ გამწვავდა. კერძოდ, უთანხმოების საგანი გახდა ფასები ენერგომატარებლებზე, რომლებსაც ბელარუსი რუსეთისგან ყიდულობს.

XS
SM
MD
LG