Accessibility links

ზუკა ბერძენიშვილი ლაშა ტალახაძეს: ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი ზუკა ბერძენიშვილი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ერთობლივ ფოტოს ეხმაურება.

ფოტოზე, რომლის შესახებაც ზუკა ბერძენიშვილი საუბრობს, ასახულია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შორის შეხვედრა. პრემიერმა ლაშა ტალახაძეს, ლუხუმ ჩხვიმიანს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა, რომელსაც, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი ესწრებოდა.

გახარიასთან ერთად ფოტოზე აღბეჭდილ ლაშა ტალახაძეს ზუკა ბერძენიშვილი „ფეისბუკზე“ შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს... მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მარა რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ”.

ბერძენიშვილის მოსაზრებას სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის ასეულობით მხარდამჭერი გამოეხმაურა. დიდმა ნაწილმა სამოქალაქო აქტივისტის მიმართ აგრესია გამოხატა. რასაც ზუკა ბერძენიშვილმა „ტალახის წვიმა" უწოდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ზუკა ბერძენიშვილის პოზიციას იზიარებდა.

ამავე თემაზე ბერძენიშვილმა კიდევ ერთხელ დაწერა: „საქართველოს კი არა, ძალოსნობის კი არა, საერთოდ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არანორმალურად ძლიერი ათლეტი - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დიდი სამოქალაქო თვითშეგნებით არასდროს გვამახსოვრებდა თავს. გახსოვთ ალბათ „სარომე ჟოურაბიშუილის" კლიპში მის მიერ ნაქები „ოლმოზდალვა". მაგრამ გახარიასთან ერთად თავმომწონე ფოტოს გამოჩენის და იქ ნათიას კომენტარის "კარგია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო"-ს ნახვის შემდეგ, ასმაგად გავბრაზდი და უპასუხისმგებლო უგუნურ სპორტსმენებზე, რომელთა როლიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში წესით განუზომელია, საკმაოდ მწვავე კრიტიკა დავწერე საჯაროდ. განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლების მთავარი მტრების დიდი ენთუზიაზმით რეცხვას დავარქვი თავისი სახელი“.

„ფეისბუკზე" შეურაცხმყოფელი სიტყვებით უპასუხა ლაშა ტალახაძემ ზუკა ბერძენიშვილს, ამასთან გულშემატკივრებს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

სპორტსმენი დაიცვა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, რომლის განცხადებაში ვკითხულობთ: „ყოველთვის, ნებისმიერი მმართველობის დროს ყველა ქვეყნის მთავრობა სპორტსმენებს ხვდება და ასე მოხდა ამჯერადაც. ქართველი წარმატებული სპორტსმენები პრემიერთან იმყოფებოდნენ ტრადიციულ შეხვედრაზე, სადაც სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და მათ შორის იყო ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი და მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეც. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის „ფეისბუქ“-გვერდზე გავრცელებულმა სპორტსმენთა ფოტომ საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. კაცობრიობამ სპორტი შექმნა მსოფლიო ერების დასაახლოებლად და ადამიანების გასაერთიანებლად. სპორტი მშვიდობის სიმბოლოა დედამიწაზე. სპორტული ოლიმპიადები, ფესტივალები და ჩემპიონატები მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ საკუთარი ძალების და ნიჭიერების წარმოსაჩენად მშვიდობიანი ფორმით“.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“, რომელსაც ზუკა ბერძენიშვილი წარმოადგენს, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მანიფესტაციის დაშლის შემდეგ შეიქმნა. აქციის დაშლის შედეგად დაზიანებები მიიღო აქციის ათეულობით მონაწილემ. დაშავდნენ ჟურნალისტებიც. ორმა ადამიანმა, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი მოთხოვნა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG