Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარმა მონტენეგროს მოუწოდა, დააჩქაროს რეფორმების პროცესი


ოლივერ ვარჰელი და დუშკო მარკოვიჩი
ოლივერ ვარჰელი და დუშკო მარკოვიჩი

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი, უნგრელი ოლივერ ვარჰელი, მიიჩნევს, რომ მონტენეგრომ უნდა გაააქტიუროს რეფორმების პროცესი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების სფეროში.

ამის შესახებ ვარჰელმა ისაუბრა 7 თებერვალს მონტენეგროში ვიზიტის დროს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დუშკო მარკოვიჩს შეხვდა.

ევროკომისრის ვიზიტის ფონია პოლიტიკური კრიზისი, რაც აღმსარებლობის თვისუფლების შესახებ დეკემბერში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ გამოიწვია. სადავო კანონის მიღებას მოჰყვა მრავალრიცხოვანი პროტესტი მონტენეგროში არსებული სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ასევე მეზობელ კოსოვოსა და სერბეთში.

ახალი კანონის თანახმად, რელიგიურმა თემებმა უნდა დაადასტურონ თავიანთ ქონებაზე უფლება 1918 წლამდე, როცა უპირატესად მართლმადიდებლური რეგიონი, მონტენეგრო, შეუერთეს სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს.

სერბები აცხადებენ, რომ ახალი კანონი გამოიწვევს სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების კონფისკაციას მონტენეგროში.

ამ დაპირისპირების გამო დეკემბერში გადაიდო პოდგორიცაში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, ვიზიტიც.

მონტენეგროში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, ვარჰელმა ბრიუსელში უმასპინძლა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირის მიერ ჩაფიქრებული, გაფართოების ახალი მეთოდოლოგიისადმი.

ევროკავშირის ლიდერების მიერ მეთოდოლოგიის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის ავტომატურად ამოქმედდება ალბანეთთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებით. რაც შეეხება სერბეთსა და მონტენეგროს, რომლებიც ბრიუსელთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას გაწევრიანების თაობაზე, შეუძლიათ აირჩიონ ან ამჟამინდელი მიდგომა, ან ახალი მეთოდოლოგია.

ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ხელისუფლება მხარს უჭერს ახალ მეთოდოლოგიას, რომელიც გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვისა და მათი უფრო ეფექტიანი სტიმულირებისათვის წევრ ქვეყნებს უფრო დიდ როლს ანიჭებს.

გავრცელებული მოსაზრებით, გაფართოების პოლიტიკას ამიერიდან წარმართავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და არა ბრიუსელელი ბიუროკრატები.


ამასთან, ევროკავშირის ფინანსური შენატანები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, რაც დამოკიდებული იქნება გაწევრიანების მოსურნე ქვეყნების წარმატებაზე.

ოლივერ ვარჰელი, რომელიც დეკემბერში აირჩიეს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისრად, „უდიდეს პრიორიტეტად“ მიიჩნევს ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG