Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი უგულავას საქმეში ყოფილი გენპროკურორის მონაწილეობას აფასებს


საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ ეს საქმე იმ საფრთხეებს ააშკარავებს, რომლის გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა.

„გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობის, ისე - კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ საქმეში, სადაც მსგავსი შინაარსის, კერძოდ, მოსამართლის დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები იკვეთებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა უკვე დაადგინა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუკი ამ საქმის შემდგომი განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება, მას უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ კონკრეტულად გიგი უგულავას საქმის, არამედ მთლიანად, ქართული მართლმსაჯულებისთვის.

ობუდსმენის თანახმად, საქმის განმხილველ კოლეგიას უზენაეს სასამართლოში თავმჯდომარეობდა შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს ახალდანიშნული მოსამართლე, რომელიც საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

მართალია, შალვა თადუმაძე ამ საქმეზე სასამართლოში პროკურორად არ გამოდიოდა პირადად, თუმცა „ეს ვერ გამოდგება არსებული კონტექსტის უგულებელსაყოფად - საქართველოს პროკურატურაში დადგენილია მკაცრად ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა, სადაც ყველა ქვემდგომი პროკურორი ვალდებულია, ზემდგომი პროკურორის მითითება შეასრულოს, ხოლო პროკურატურის ყველა თანამშრომელი გენერალურ პროკურორს ემორჩილება“.

„ნათელია, რომ საქმის განხილვის დროს მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ იმავე საქმის მოსამართლის ამპლუაში განხილვა სამართლიანად აჩენს ეჭვებს მისი ობიექტურობის შესახებ“, - ნათქვამია ომბუდსმების განცხადებაში.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვიან ღამით, უგულავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება.

XS
SM
MD
LG