ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში, ბულვარში მდებარე საპირფარეშოს რემონტში 77 ათასი ლარის გადახდას გეგმავს. ქალაქში 2012 წელს აშენებული საზოგადოებრივი ტუალეტების აუქციონზე გაყიდვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ერთი ტუალეტის სარემონტოდ ტენდერი გამოცხადდა. წინადადებების მიღება 17 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.
ქუთაისში ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშო წლების წინ გაიხსნა და ვანდალური ფაქტების გამო მალევე დაიხურა. მათგან ამჟამად მხოლოდ ერთი, ცენტრალურ ბულვარში მდებარე, საპირფარეშო მუშაობს.
ტუალეტები, რომლებიც 2012 წელს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ქალაქს მხოლოდ 2015 წელს გადაეცა. მერიას გასულ წელს რამდენჯერმე ჰქონდა საპირფარეშოების აუქციონზე გაყიდვის მცდელობა, თუმცა - უშედეგოდ.
საზოგადოებრივი ტუალეტის მოწესრიგება და გამართულად მუშაობა ადგილობრივმა მოსახლეობამ და ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა არაერთხელ მოითხოვეს.
ბულვარში მოქმედი ტუალეტი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს - ფასადზე აკრული „დეკა“ დაზიანებულია, ამორტიზებულია საპირფარეშოს ინტერიერი და რამდენიმე მეტრზე იგრძნობა უსიამოვნო სუნი. ტუალეტს სტანდარტებთან შესაბამისი მხოლოდ ის აქვს, რომ იქ, ქალებისა და კაცებისთვის განკუთვნილი განყოფილებების გარდა, ცალკე ფუნქციონირებს შშმ პირთათვის განკუთვნილი საპირფარეშო.
ტუალეტის რემონტის საჭიროებაზე ლაპარაკობს ულვიე დარახველიძე, ქალი, რომელიც, ბოლო ერთი წელია, ცენტრალურ ბულვარში მდებარე ტუალეტს ალაგებს და ასუფთავებს:
„ტუალეტის შენობა დაზიანებულია გარედანაც და შიგნითაც. ქალების განყოფილებაში ერთი უნიტაზი მოტეხილია, ხშირად ზიანდება ონკანები და დაზიანებულია ხელსაბანი ნიჟარებიც. ყველაფერი განახლებას საჭიროებს, მოძველებულია და სისუფთავე არ ეტყობა. კარებები, რომლებიც შუშის იყო, ჩაამსხვრიეს. სახლიდან მოვიტანე ალუმინის ფურცლები და ის ავაკარი. ხშირად დაზიანებულ ონკანებს თავად ვარემონტებ. ერთიანობაში რემონტი აუცილებელია, ამ ტუალეტით ბევრი ტურისტიც სარგებლობს და უხერხულია“.
ტუალეტის საჭიროებაზე ლაპარაკობენ ბულვარის ხშირი სტუმრები - ადამიანები, რომლებიც ქალაქის ბაღში ისვენებენ კარგი ამინდისას, თუმცა რესპონდენტების ნაწილს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფასური ეძვირება. უძრავი ქონების მაკლერი რევაზ სურგულაძე ფიქრობს, რომ ბულვარში მდებარე ტუალეტი, იმ სახით, როგორითაც ახლა ფუნქციონირებს, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, თუმცა ამბობს, რომ მისი რემონტისთვის გამოყოფილი თანხა, 77 ათასი ლარი, ეჭვს იწვეს: „ალბათ, ფულის გათეთრება უნდათ, თორემ ამ ფასად სამოთახიან ბინას იყიდი ქუთაისში და იქ 6 ტუალეტს გააკეთებ. ძალიან დიდი თანხაა ერთი ტუალეტისთვის, რა უნდა გაკეთდეს ასეთი?“
საპირფარეშოს რემონტისთვის გამოყოფილი თანხა ეძვირება ციცინო ყუფუნიასაც, ბულვარში მზესუმზირითა და საბავშვო სათამაშოებით მოვაჭრეს, რომელიც არსებული ტუალეტით ყოველდღიურად სარგებლობს:
„რემონტი რომ სჭირდება, გარედანაც ეტყობა. უვლიან, როგორც შეუძლიათ, მაგრამ ხშირად ზიანდება შიგნით რაღაცები, აღარ ვარგა ონკანები და წყლის ავზები. თუმცა 77 ათასი ლარი მაინც არარეალურად მეჩვენება“.
როგორც მერიაში განმარტავენ, სატენდერო პირობები ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების საპირფარეშოს მოწყობას და არსებული შენობის სრულ რეაბილიტაციას. სატენდერო პირობების მიხედვით, 77 188 ლარი განკუთვნილია როგორც შენობის დემონტაჟისთვის, ასევე მისი მშენებლობისთვის. შპს „არქსტუდიო ვ“-ს მიერ მომზადებული საპირფარეშოს რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, შენობის მშენებლობის შემდეგ კედლები ხელოვნური გრანიტის ფილებით უნდა მოპირკეთდეს, მოეწყოს ინტერიერი და ჩაისვას ლითონის კარი და მეტალოპლასტმასის ფანჯრები. სამშენებლო სამუშაოების გარდა, პროექტი ითვალისწინებს შიდა წყალსადენის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების სისტემების შეცვლას, ასევე - ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟს.