Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Renew Europe-ი: საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს სასამართლოს გამოყენება ოპოზიციის ჩასაჩუმებლად


ევროპის პარლამენტის ჯგუფი Renew Europe-ი, რომელიც ლიბერალურ, პროევროპულ პარტიებს აერთიანებს, გმობს „საქართველოს ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავასთვის 38 თვით პატიმრობის მისჯას ძველი დარღვევისთვის, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა სასჯელი.“ - ნათქვამია Renew Europe-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით, „ეს უკუსვლის ძალიან შემაშფოთებელი ნიშანია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თაობაზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თვალსაზრისით, ვინაიდან სასამართლო არ შეიძლება იქნეს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების ჩასაჩუმებლად“.

Renew Europe-ი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ უგულავას დაპატიმრება „ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, უზრუნველყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა“.

„ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტია ქართულ ოცნებას და მის დამაარსებელს, ბიძინა ივანიშვილს, გამოიჩინონ კეთილი ნება და გახსნილობა და ფართოდ ჩაერთოს ოპოზიციასთან პოლიტიკურ დიალოგში“, განაცხადა ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან, პეტრას აუშტრევიჩიუსმა.

„ჩვენ უნდა მტკიცე პოზიცია დავიკავოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართა და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ არსებული ვითარება მიუღებელია. დაუშვებელია ოპოზიციის ხმების ჩახშობა და რეფორმები, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა საარჩევნო კანონი, დიალოგის მეშვეობით უნდა განხორციელდეს,“ განაცხადა რუმინელმა ევროპარლამენტარმა რამონა სტრუგარიუმ, რომელიც Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრია.

„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის შენარჩუნდება მჭიდრო ურთიერთობები და შევძლებთ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მაგრამ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ მოვლენათა განვითარებაზე დაკვირვებას“, აცხადებს დანიელი ევროპარლამენტარი კარენ მელქიორი, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დელეგაციის წევრია.

10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG