Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიას დიპლომი გაიხსენა


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალი კოლეგები“ და „საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები“ უწოდა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის აქცია ირაკლი კობახიძემ „საბჭოურ ინტერვენციად“ შეაფასა.

„მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში თავისი ღირებულებებით, პირველ რიგში. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს, მისი განმტკიცების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ.

ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას დიპლომზე საუბრისას, სავარაუდოდ, გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ხოშტარიას დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, ელენე ხოშტარიას სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობებია.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG