Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება პარლამენტში კანონდარღვევაა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას 18 თებერვლის პერფორმანსს.

„საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, პატივი სცენ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს. განცხადების თანახმად, გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი „თავისუფლების ქარტიის“ მიზნებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

2011 წლიდან მოქმედი „თავისუფლების ქარტიის“ მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG