Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: როდესაც საუბარი არ სურს ერთს, შეიძლება სურდეს სხვას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის ინფორმაციით, პარტია „გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილით შედგა და საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა იგეგმება სოციალ-დემოკრატებთანაც.

მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს ცნობილი გახდა „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრის ფაქტი, დღეს, 19 თებერვალს მედიამ გია ვოლსკის ჰკითხა, აპირებს თუ არა მმართველი პარტია ოპოზიციასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს საარჩევნო სისტემის შესახებ.

„უმრავლესობას რა უფლება აქვს, რომ ვინმეს უარი უთხრას მოლაპარაკებაზე, ან რა უფლება აქვს, მხოლოდ თავის ფორმატში ჩაიკეტოს?! როდესაც საუბარი არ სურს ერთს, შეიძლება სურდეს - სხვას. არ მგონია, რომ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებულად უნდა ეპყრობოდეს ნებისმიერი პარტია, სახელისუფლებო იქნება ის თუ არა“, - განაცხადა ვოლსკიმ. მისი თქმით, მთავარია საზოგადოება, რომელიც გარკვეულ პარტიებს უჭერს მხარს და ისინი ვალდებულნი არიან, დასხდნენ და მოილაპარაკონ, თუმცა, არსებობენ უპასუხისმგებლო ძალებიც: „პოლიტიკურ პარტიათა შორის საუბარი ნიშნავს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას, იმ საზოგადოების, რომელიც ამ პარტიებს უჭერს მხარს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება 10 თებერვალს შეწყვიტეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო.

XS
SM
MD
LG