Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: იდლიბზე შეტევა დროის საკითხია


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონ იდლიბში სამხედრო ოპერაცია "დროის საკითხია", თუკი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები არ გავლენ თურქეთის სამხედრო ნაწილების უკანა პოზიციებიდან - რასაც მოსკოვის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

სირიის მთავრობის ძალების შეტევამ, რომელსაც რუსეთის საჰაერო ძალები ეხმარებიან, ცხრაწლიანი კონფლიქტის განმავლობაში ლტოლვილების ყველაზე დიდი ტალღა წარმოშვა. ერდოანმა თავისი, მმართველი პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებს 19 თებერვალს უთხრა, რომ მოლაპარაკება რუსეთთან - რომელიც ასადის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერია - არ გამოეხმაურა ანკარის მოთხოვნებს. მისი თქმით, თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ასადის დამხობის მოსურნე მეამბოხეებს, აპირებს იდლიბი გახადოს უსაფრთხო ზონად, "ყველანაირ ფასად" მაშინაც კი, თუკი რუსეთთან დიალოგი გაგრძელდება.

"თურქეთმა დაასრულა მომზადება იდლიბში თავისი გეგმის განხორციელებისთვის, როგორც ეს წინა ოპერაციების შემთხვევაში იყო. გულწრფელად გითხრათ, იდლიბში ოპერაცია დროის საკითხია. თურქეთი იდლიბს არ დაუტოვებს [ასადის] რეჟიმს", - თქვა ერდოანმა.

ერდოანის განცხადებების პასუხად, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვი გადაჭრით ეწინააღმდეგება ასეთ ოპერაციას, თუმცა რუსეთი და ანკარა კონტაქტს ინარჩუნებენ საიმისოდ, რომ იდლიბში დაძაბულობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვში 17 და 18 თებერვალს გამართული რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკების დროს შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

XS
SM
MD
LG