Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ორი გენერალი დაითხოვეს ჯარისკაცების სიკვდილის გახშირებასთან დაკავშირებით


17 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული თათბირი. მარჯვნიდან მეორე: გენერალი ალექსან ალექსანიანი.
17 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული თათბირი. მარჯვნიდან მეორე: გენერალი ალექსან ალექსანიანი.

19 თებერვალს სომხეთის სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი და არმიის კიდევ ერთი გენერალი დაითხოვეს სომხეთის ჯარში ჯარისკაცების არასაბრძოლო გარემოებებში სიკვდილის სერიის შემდეგ.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გადააყენა სამხედრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი არტურ ბაღდასარიანი, და გენერალ-მაიორი ალექსან ალექსანიანი. მათი გადაყენების ბრძანებულებების მოთხოვნით პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიმართა.

ბაღდასარიანი 2017 წლის მაისიდან ედგა სათავეში სამხედრო პოლიციას.

ალექსანიანი ხელმძღვანელობდა არმიის დეპარტამენტს, რომელსაც სამხედრო მორალზე ზედამხედველობა ევალება. ამ პოსტზე ის ნოემბერში დაინიშნა.

ფაშინიანმა საკადრო ცვლილებების პირობა დადო 17 თებერვალს არმიისა და სამართალდამცველ ორგანოთა უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, რომელზეც იმსჯელეს არმიაში არასაბრძოლო ვითარებაში ჯარისკაცების სიკვდილის გახშირებაზე.

სომხეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, წელს უკვე 13 ასეთი შემთხვევა მოხდა. რვა სამხედრო დაიღუპა უბედური შემთხვევებისა და სხვა გარემოებების გამო, რომლებსაც კავშირი არა ჰქონიათ საბრძოლო მოქმედებებთან.

მიიჩნევა, რომ დანარჩენი ხუთის სიკვდილი დაკავშირებულია თვითმკვლელობასთან ან სროლასთან ცალკეულ ინციდენტებში, რომლებსაც სამართალდამცველი ორგანოები იძიებენ.

XS
SM
MD
LG