Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​ვანო მერაბიშვილი: ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები


„ჩვენ არ უნდა დაგვეშვა, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე დამუქრებოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ წამყვანის შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცდომებს უკავშირდებოდა.

როგორც მერაბიშვილი ამბობს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუდმივ ბრძოლაში უწევდათ ყოფნა. მან ყველაზე დიდ პრობლემად დაასახელა ის, რომ მათ რეფორმებს ანალოგი არ ჰქონდა და არც „გაიდლაინი“ არსებობდა.

„არ არსებობს პოლიციის რეფორმის სახელმძღვანელო. არსებობს ეკონომიკური რეფორმის, დავუშვათ, პოლონური ეკონომიკური რეფორმა (ბალცეროვიჩის), რუზველტის დროინდელი ამერიკის რეფორმა, კეინსის ეკონომიკური რეფორმა, ამასაც ავტომატურად ვერ იყენებ, მაგრამ მაინც სახელმძღვანელო არსებობს. ჩვენ რას ვაკეთებდით? ყოველდღიურად გვიწევდა მუშაობა, ახლის მოფიქრება, ამას სჭირდება ძალიან დიდი ენერგია“, - აღნიშნავს მერაბიშვილი.

შეკითხვაზე, იყო შეცდომები, რომლებიც რეფორმებთან არ იყო დაკავშირებული, მერაბიშვილი პასუხობს, რომ ეს არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული საკითხები.

„ჩვენ არ ვიყავით ისეთი ჭკვიანები, როგორიც უნდა ვყოფილიყავით, არ ვყოფილვართ ისეთი ნიჭიერები, როგორიც უნდა ვყოფილიყავით, უნდა ვყოფილიყავით უფრო განათლებულები. ცუდი ის არის, რომ ასეთი სერიოზული ცვლილებების გამოცდილება არ არსებობდა. არ იყო ჩვენთვის მასწავლებელი, ვინც გვასწავლიდა, რა უნდა გაგვეკეთებინა. მე თავს კი არ ვიმართლებ, უბრალოდ გიხსნით. რა თქმა უნდა, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს შევცვლიდით, მაგრამ ერთ რამეს არ შევცვლიდით, ჩვენ მაშინაც, როგორც ახლა დავიწყებდით ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. მოდი შევადაროთ 2003 წლის საქართველო 2012 წლის საქართველოს, ყველა მაჩვენებლით ეს სხვადასხვა ქვეყანაა“, - ამბობს მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

XS
SM
MD
LG