Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში


„ყველა ჩემს მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც საქართველოში არ არის“, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მერაბიშვილმა ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ. „რა თქმა უნდა, შევხვდები მიხეილ სააკაშვილს. ის ჩემი მეგობარია, მას მივიჩნევ საუკეთესო მეგობრად. მე ყველას აზრს მოვისმენ, გავიზიარებ, რჩევას მივცემ და შევეცდები, რომ ჩემი აზრი გავაზიარებინო. ჩვენ მეგობრებად დავრჩებით ყოველთვის და ვართ. ჩვენ [მე და მიხეილ სააკაშვილი] მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში. ჩვენს აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს“, - აღნიშნავს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

რაც შეეხება შეცდომებს, მერაბიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა ეკავა და ერთ-ერთი პირველი სწორედ, თავად არის პასუხისმგებელი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამდე მის შესახებ თქვა: „ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი ხანი ზის იქ მხოლოდ იმიტომ, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და მოიბოდიალა ტყუილები, რაც ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ მის მიმართ მე მაქვს პირადი ვალდებულებების განცდა, თუმცა მე ვხედავ იმ შეცდომებსაც რაც დაუშვა ვანომ, იმ გადაცდომებსაც ვხედავ, რაც მაშინ ჩვენ სისტემებში დაუშვეს“. გარდა ამისა, სააკაშვილმა მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა არ ურჩია: „ვანოს ადგილზე, რომ ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ბედნიერებით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს”. სააკაშვილმა მერაბიშვილთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

XS
SM
MD
LG