Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იდგა ოქტომბრის კიბერშეტევის უკან? გაიცანით ჭიაყელა-გრუ-ს ქვედანაყოფი 74455


რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის („გრუს“) სპეციალური „ქვედანაყოფი 74455“, რომელმაც, ქართული მხარის პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების თანახმად, გასული წლის ოქტომბერში საქართველო აირჩია ფართომასშტაბიანი შემაფერხებელი კიბერშეტევის სამიზნედ, 2019 წელს აშშ-ის სპეცპროკურორის საგანგებო ანგარიშში მოხვდა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო;

ამავე დანაყოფის სახელს უკავშირდება ე.წ. ფინანსური პირამიდის საქმეც, რაზეც „ქვედანაყოფ 74455“-ის ყოფილი მეთაური სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც იყო მიცემული.

კიბერჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

აშშ-ის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის, ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის „ქვედანაყოფი 74455“ აერთიანებს რამდენიმე სპეციალურ დანაყოფს, რომლებიც კიბეროპერაციების განხორციელებით არიან დაკავებული. ეს ქვედანაყოფი კიდევ რამდენიმე მეტსახელითაა ცნობილი, და ერთ-ერთია ჭიაყელა.

აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებში სწორედ ეს დანაყოფია დადანაშაულებული დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, საწინააღმდეგო დოკუმენტების გამოქვეყნებაში, თუმცა ამ ჰაკერულ დანაშაულში „ქვედანაყოფ 74455“-ს, მიულერის ანგარიშის თანახმად, ჰყავდა თანამზრახველი „ქვედანაყოფ 26165“-ის სახით, რომელმაც დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტისა (DNC) და ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ინდივიდუალური წევრების მიმოწერის მოპარვა მოახერხა.

თავის მხრივ, რუსეთის სამხედრო სპეცდანიშნულების ძალების „ქვედანაყოფ 74455“-ის ოფიცრებმა „მოიპარეს ათასობით დოკუმენტი აშშ-ის საარჩევნო კომისიების, სახელმწიფო დეპარტამენტისა და იმ ამერიკული კომპანიის კუთვნილი კომპიუტერებიდან, რომლებიც აშშ-ში საარჩევნო პროცესის მართვისათვის საჭირო ტექნოლოგიურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ახდენდნენ“, - წერია რობერტ მიულერის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფების, 74455-ის და 26165-ის, 12 ოფიცერს, მათ შორის - 75455-ის მეთაურს, ალექსანდრ ოსადჩუკს, აშშ-მა 2018 წელს ოფიციალური ბრალდება წაუყენა.

ქვედანაყოფის თანამშრომლები ჰაკერული გზით მოპარულ დოკუმენტებს თავიანთ მიერვე შექმნილი საიტ DCLeaks 2.0-ისა და Guccifer-ის გზით აქვეყნებდნენ, ხოლო კომპიუტერული ქსელის შესაბამისი მოწყობილობისათვის ანგარიშსწორებას კრიპტოვალუტით ახდენდნენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის სამმართველოს არც აშშ-ის სპეცპროკურორის ანგარიშში ჩამოთვლილ ბრალდებებზე გაუცია პასუხი და არც რომელიმე მზვერავი დაუსჯია.

ხოლო რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ რუსეთს არ ჰქონდა და არასოდეს ექნება კიბერსფეროს დანაშაულებთან შეხება.

„ქვედანაყოფი 74455“ - „სამშობლოს სამსახურისთვის“

ღია წყაროებით იძებნება „მედალი სამშობლოს სამსახურისათვის“, რომელზეც ქვედანაყოფ 74455-ის საიდუმლო სამხედრო ნაწილის ემბლემაა ამოტვიფრული.

ასევე ღია წყაროებით მოძიებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მისამართზე მოსკოვში, რომელიც „74455 ქვედანაყოფს“ უკავშირდება, საგამოძიებო ჯგუფ ბელინკეტის მტკიცებით, მუშაობდა გრუ-ს ოფიცერი ოლეგ ივანნიკოვი, რომელიც ჩართული იყო რუსეთიდან უკრაინაში იმ ცნობილი „ბუკის“ ტრანსპორტირებაში, რომლითაც 2014 წელს მალაიზური ავიახაზების ბოინგი ჩამოაგდეს.

გრუ-ს პირამიდა - თაღლითობაში ბრალდებული რუსი მზვერავი

„ქვედანაყოფ 74455“-ის ყოფილი მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლენკო რუსეთში სერიოზულ ფინანსურ დანაშაულში აღმოჩნდა გარეული.

გამოძიების თანახმად, დაზარალდნენ როგორც ნიკოლენკოს ახლობლები, ისე მისი თანამებრძოლები, სულ 17 კაცი, რომლებისგანაც ე.წ. ფინანსური პირამიდის შემქმნელმა „გრუ“-ს ოფიცერმა დიდძალი თანხა, მხოლოდ ერთ ეპიზოდში 17 მილიონი რუბლი მიიღო.

დანაშაულებრივი სქემის შემქმნელი ოფიცერი ნიკოლენკო და მისი ცოლი ნაცნობებს სთავაზობდნენ დივიდენდების მიღებას აშშ-დან შემოტანილი Apple-ის ტექნიკის გაყიდვის საშუალებით, რასაც, დაზარალებულების თქმით, მათთვის ორ თვეში 10%-იანი მოგება უნდა მოეტანა.

ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლენკოს ცოლი მათ თავს აცნობდა „გაზპრომის“ წარმომადგენლად და კავშირი ჰქონდა iPhone-ებისა და MacBook-ების გაყიდვასთან.

2017 წელს ნიკოლენკო დააპატიმრეს, მისი ცოლი კი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს პატიმრობიდან. გამოძიების დროს ცოლ-ქმარი დანაშაულს არ აღიარებდა. საბოლოო ჯამში, 2018 წლის ზაფხულში დაზვერვის ოფიცერი პატიმრობიდან გათავისუფლდა, პატიმრობაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

ნიშანდობლივია, რომ ციხიდან გამოსული, რუსული წყაროების თანახმად, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლენკო სამუშაოდ მოეწყო იმ კომპანიაში, რომელიც თანამგზავრით გადაღებული ფოტოების დამუშავებისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფითაა დაკავებული.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG