Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი გახდა


ვახო ხუზმიაშვილი
ვახო ხუზმიაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. „ბათუმელების“ თანახმად, გადაწყვეტილება 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ დახურულ გასაუბრებაზე მიიღო.

კონკურსში ვახო ხუზმიაშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.

ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა „მეცხრე არხის“ და „იმედის“ პროდიუსერად, იყო ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის თანამდებობა 2 თებერვლიდანაა ვაკანტური. ამ დღეს თანამდებობა პროტესტის ნიშნად ნათია ზოიძემ დატოვა იმის გამო, რომ მისი ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას არ იძლეოდა. კერძოდ, ახალი ხელშეკრულებით, ნათია ზოიძემხოლოდ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშების შედგენა-წარდგენა ევალებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ 19 თებერვალს სამი ხმით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინადადებას საშტატო განრიგის შეცვლის შესახებ.

გადაწყვეტილება ძალაში შევა 24 თებერვალს და ოფიციალურად გაუქმდება ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატი.

თავად დირექტორი გიორგი კოხრეიძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები ეფექტიანი მართვისთვის სჭირდება, რადგან ხდებოდა მოვალეობების დუბლირება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტთა ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად განიხილავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG