Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი სიტყვით გამოვიდა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე


გრძელდება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მისი თქმით, ოკუპირებულ საქართველოში მთავარ საფიქრალს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები წარმოადგენენ.

„1991 წელს აღვადგინეთ ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს დაიწყო და ეს არიან ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს, ხიდი აგვეშენებინა იმ სასურველ, სანუკვარ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსთან, რომელიც 1918 წელს დაიწყო და რომელიც, სამწუხაროდ, ამდენი შეწირული სიცოცხლის მიუხედავად, ძალზე ხანმოკლე იყო. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

ჩვენ დღეს გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მეტი უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ეს არის ის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა წინ მედგრად უნდა აღუდგეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე დაესწრო დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა.

1921 წლის თებერვალში იუნკრებმა - თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა, თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას. ძირითადი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან (კერძოდ, ტაბახმელა-კოჯორში), სადაც სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა წითელ არმიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიამ მაინც შეძლო დაეპყრო საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა.

გმირულად დაღუპული იუნკრები პატივით დაკრძალეს თბილისში, ეკლესიის ეზოში - იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, ხოლო ყოველი წლის 23 თებერვალი საქართველოში იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG