Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრატეგიული პარტნიორები ომის ზღვარზე


თურქული საარტილერიო დანადგარის სტარტი, იდლიბის პროვინცია
თურქული საარტილერიო დანადგარის სტარტი, იდლიბის პროვინცია

მიმდინარე კვირის ბოლოს თურქეთისა და რუსეთის სამხედროები საომარი დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდნენ სირიის პროვინცია იდლიბში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი სირიის სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის დღითი დღე აქტიურ ფაზაში გადადის.

20 თებერვალს, რუსეთის ავიაციით მხარდაჭერილ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ჯარებსა და თურქეთის სამხედრო ძალით ზურგგამაგრებულ მეამბოხეებს შორის ბრძოლაში ორივე მხარემ სულ მცირე 27 მებრძოლი დაკარგა.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, სირიის არმიამ დაკარგა 11 სამხედრო მოსამსახურე, სირიელმა მეამბოხეებმა - 14 მებრძოლი, თურქეთის მხარემ კი 2 ჯარისკაცი.

დანაკარგის თაობაზე არსებული განსხვავებული ცნობების მიუხედავად, როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ იდლიბის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთში გამართულ ბრძოლებში მონაწილეობა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების სუ-24 კლასის ორმა ბომბდამშენმა, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა მეამბოხეებს და მათ ინფრასტრუქტურას.

რუსული რაკეტები რუსული ავიაციის წინააღმდეგ?

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ანკარა გამოიყენებს რუსეთისგან ნაყიდს ს-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას
თურქეთის თავდაცვის მინისტრი


რუსული ავიაციის მიერ მეამბოხეთა პოზიციების დაბომბვა სირიაში, ხმეიმიმის საავიაციო ბაზაზე მოქმედმა რუსულმა „დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების ცენტრმაც“ დაადასტურა.

სირიის არმის შეტევას მძლავრი კონტრიერიშით უპასუხა ნატოს წევრმა თურქეთმა, რომლის სამხედრო უწყების ცნობით საპასუხო დარტყმით განადგურებულია მთავრობის მომხრე 50 ჯარისკაცი, ორი ჯავშანმანქანა და სხვადსხვა სახის აღჭურვილობა.

ესკალაციის მორიგმა ტალღამ აშკარად დაადასტურა, რომ თურქეთის მოთმინება, რაზეც რეჯეპ ტაიპ ერდოანი მიანიშნებდა, ამოწურვის ზღვარზეა და ანკარა მზად არის, რომ ძვირად დაუსვას იდლიბზე შეტევა ასადის რეჟიმს.

ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს 20 თებერვლის იერიშის შემდეგ თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადება. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ანკარა გამოიყენებს რუსეთისგან ნაყიდს ს-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასო, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიული მოკავშირეები, თურქეთი და სირია, ომის ზღვარზე იმყოფებიან და თუ ვითარება არ შეიცვალა, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ სირია აღმოჩნდეს პირველი ადგილი, სადაც ნატოს წევრი ქვეყანა რუსულ ბომბდამშენებს, რუსებისგან საზეიმო ვითარებაში გადაცემულ რაკეტებს მართლა დაუმიზნებს.


თურქეთის თავდაცვის მინისტრის ეს გაფრთხილება ნიშანდობლივია იმ ფონზე, როდესაც ათი დღის წინ მეამბოხეებმა სირიის ცაში სირიის არმიის კუთვნილი რუსული წარმოების მი-8 ტიპის შვეულმფრენი ჩამოაგდეს


დეესკალაციის უშედეგო მცდელობები

ვითარება იდლიბში, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით იმდენად სახიფათოა, რომ 5 მარტს „ოთხეული სამიტის“ ფარგლებში ამ საკითხზე საგანგებოდ იმსჯელებენ გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერები.

მანამდე უშედეგოდ დასრულდა ანკარაში გამართული ორმხრივი მოლაპარაკება რუს და თურქ დიპლომატებს შორის. გავრცელებული ცნობეით, 10 თებერვალს მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს დეესკალაციის ზონის თაობაზე ადრე მიღწეული შეთანხმების დარღვევაში.

დამასკი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო შეთანხმება ზავის შესახებ არ ვრცელდება იდლიბში მოქმედ „ტერორისტულ დაჯგუფებებზე“. ამ მოსაზრებას იზიარებს რუსეთიც, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ იდლიბზე კონტროლს ინარჩუნებს რადიკალური „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამი“, რუსეთში აკრძალული ალ-ყაიდის ფილიალი, რომელიც გარედან მიღებული დახმარებით ცდილობს ტერორისტული ანკლავის შექმნას.

სირიის რეჟიმს, რომელიც მისი მოკავშირეების, რუსეთისა და ირანის, დახმარებით ცდილობს კონტროლის აღდგენას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სირიელი მეამბოხეების გარდა იდლიბში წინააღმდეგობას უწევს მეზობელი თურქეთი. ნატოს წევრი თურქეთი, პირველ რიგში, დაინტერესებულია სიმშვიდით საზღვრის გასწვრივ, მეორეს მხრივ კი სურს თავიდან აიცილოს ლტოლვილთა მორიგი ტალღა იმ ფონზე, როდესაც თურქეთში ისედაც იმყოფება სამოქალაქო ომის შედეგად სირიიდან დევნილი 3,5 მილიონი ადამიანი.


თავის მხრივ, ანკარას, ასადის არმიის წინსვლის შესაჩერებლად აქვს მძლავრი საერთაშორისო არგუმენტი. ესაა სამმხრივი შეთანხმება - ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის, რომელიც ითვალისწინებს დეესკალციის ზონის შექმნას საზღვრისპირა ტერიტორიის 30-კილომეტრიან ზონაში და იდლიბის პროვინციის გარდა მოიცავს ასევე ლატაკიის, ალეპოსა და ხამის ცალკეულ ნაწილებსაც.

გასული წლის სექტემბერში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი სოჭში შეთანხმდნენ, რომ თურქეთი და რუსეთი ერთობლივად გააკონტროლებენ სირია-თურქეთის საზღვარს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით.


მაგრამ, მას შემდეგ იდლიბში ერთი დღეც არ ყოფილა მშვიდი.

გაეროს მონაცემებით, დეკემბრის შემდე, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად იდლიბის პროვინცია მიატოვა 800 ათასამდე ადამიანმა.

სირიაში შექმნილ ვითარებას სახიფათოს უწოდებს კრემლი, რომელიც არ აპირებს შეანელოს სირიის რეჟიმის მხარდაჭერა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის აღკვეთოს „ტერორისტების ნებისმიერ აქტივობა პროვინციაში“ და განადგურებით დაემუქრა ყველა „ექსტრემისტულ ძალას, რომელიც იდლიბის დეესკალაციის ზონაში შეჭრას ცდილობს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG