Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან საზღვარს დროებით სომხეთიც კეტავს


კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სომხეთი ორი კვირით დაკეტავს მეზობელ ირანთან სახმელეთო საზღვარს და ავიამიმოსვლას შეაჩერებს. ამის შესახებ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მისი ინფორმაციით, დღეს დილით გაიმართება სპეციალური კომისიის სხდომა, რომელიც იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებსა და შესაძლო სცენარებზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობს პანიკური განწყობების გასავრცელებლად და მსგავს ქმედებებს მხოლოდ ზიანი მოაქვს.

ირანში პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით სულ მცირე 8 ადამიანი გარდაიცვალა და 40-ზე მეტი დაავადდა. ირანთან საზღვარი დაკეტეს თურქეთმა, პაკისტანმა და ავღანეთმა.

საქართველომ, რომელსაც ირანთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შეზღუდა ირანიდან და პირიქით ფიზიკური პირების გადაადგილება. მთავრობის მიერ 23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, შეჩერდა მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ სამშობლოში დაბრუნება. ჯერჯერობით ღიაა სახმელეთო საზღვრის გავლით გადაადგილება, თუმცა, მკაცრი შეზღუდვებით.

XS
SM
MD
LG