Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ქვეყანა ჩალით არ არის დახურული; "ანას ბაღის" რეაბილიტაციაა დაგეგმილი


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილში მდებარე „ანას ბაღს“ არავითარი პრობლემა არ აქვს და იქ დიდი სკვერის მოწყობა მერიას აქვს დაგეგმილი.

კახა კალაძე გამოეხმაურა „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 თებერვალს ღამით გაშენებული პარტიზანული სკვერის აღების პროცესს. თბილისის მერის განცხადებით, „ქვეყანა ჩალით არ არის დახურული“ და საზოგადოებას შეცდომაში ვერავინ შეიყვანს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ ჩემი მერობის პირობებში. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ყოვედღიურად ვაწვდით ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე პროექტებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, ვერავინ გაბედავს სკვერებსა და პარკებში უკანონო მშენებლობას და თავად მერიას აქვს დაგეგმილი „ანას ბაღის“ ტერიტორიის კეთილმოწყობა.

„ანას ბაღს არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ ვერ გაბედავს, რომ სკვერებში, პარკებში განახორციელოს მშენებლობა. შესაბამისად, ჩვენ ანას ბაღთან მიმართებაში გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთადერთი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება ანას ბაღის სრული რეაბილიტაცია. ძალიან მალე დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. არსებული ტერიტორია, რაც ჰქონდა ანას ბაღს, იმას კიდევ დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება დიდი სკვერი გამოვიდეს და იყოს ულამაზესი სივრცე, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ დაისვენონ, გაერთონ და კომფორტულ გარემოში იგრძნონ თავი, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ანას ბაღის“ მიმდებარედ პარტიზანულად მოწყობილი სკვერი, სამშენებლო კომპანიამ დაშალა.

22 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც „ანას ბაღის“ შენაჩუნენისთვის იბრძვიან, სკვერი მოაწყვეს, ნარგავები დარგეს და საქანელები დაამონტაჟეს.

პარტიზანულად გაშენებული სკვერის მოშლის გამო, სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიასთან 13:00 საათზე საპროტესტო აქციას გაგმავენ სლოგანით - „ნუ გვაბეტონებთ!“

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

მოგვიანებით, ბაღის გვერდით ადგილობრივებმა ხელმოწერების შესაგროვებლად კარავიც დადგეს, რომელიც 21 იანვარს დანგრეული დახვდათ.

XS
SM
MD
LG