Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიციამ მედიაადვოკატირებისათვის აჭარის ტელევიზიაში განვითარებული პროცესები შეაფასა


„ჩვენ, კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი, ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს კვლავაც საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისათვის დამაზიანებლად მივიჩნევთ, - ნათქვამია კოალიცია მედიაადვოკატირებისათვის განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აჭარის მაუწყებელში წარმოქმნილი ხელოვნური კრიზისი პოლიტიკური ხასიათისაა და არ უნდა დარჩეს შიდა თუ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა.

ამ დროისათვის ორგანიზაციები საზოგადოების ყურადღებას რამდენიმე გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ:

1. საშტატო ნუსხის შეცვლა და თანამშრომელთა გათავისუფლება - „24 თებერვალს გაირკვა, რომ მაია მერკვილაძე ჩამოაშორეს სარედაქციო გუნდს დირექტორის შეთავაზება კი მისთვის ტოკშოუს ხელმძღვანელობას ან რადიოს უფროსის მოადგილეობას გულისხმობს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებების საჭიროება არ იყო დასაბუთებული მაღალი სტანდარტით.

ამასთან, სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს.

2. მაუწყებლობის განვითარების დარგში დირექტორის მოადგილის ფუნქცია - „2020 წლის 07 თებერვლის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი მაუწყებლობის განვითარების დარგში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის მოადგილის შესარჩევად. სამუშაოს აღწერის მიხედვით, სამომავლო ვალდებულებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ნათია ზოიძის შრომითი მოვალეობებისაგან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2020 წლის 02 თებერვალს დატოვა. ის აცხადებდა, რომ არ ეძლეოდა მუშაობის შესაძლებლობა მანამდე კი, 2019 წლის დეკემბერში ნათია ზოიძეს მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა. ცვლილებების მიხედვით ნათია ზოიძე სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებაზე პასუხისმგებლობა შეეზღუდა. მოგვიანებით, თითქმის იდენტური საკონკურსო განაცხადის პირობებში, ახალ მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს ვახო ხუზმიაშვილის არჩევით, მაუწყებლის გაკონტროლების საფრთხეზე საუბრობენ, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და იურისტები საია კი საქმის შესწავლას იწყებს".​

3. ახალი ამბების სამსახურის უფროსის შევიწროება - „დღეისთვის მაუწყებელში მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით არხის ჟურნალისტები ითხოვენ დახმარებას და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ადამიანების დევნას და შევიწროება მათი მოსაზრებების და პოზიციების გამო.

ამ დრომდე გაურკვეველია მენეჯმენტის დამოკიდებულება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ“.

4. პროფკავშირების შევიწროების მცდელობა - „ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.

მიგვაჩნია, რომ ზემოჩამოთვლილი მოვლენები ამყარებს ეჭვებს, რომ აჭარის მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ხასიათისაა და არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მიზანს ემსახურება“.

კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

XS
SM
MD
LG