Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ავღანეთს აქვს „ისტორიული შესაძლებლობა მშვიდობისთვის“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ავღანეთს აქვს „ისტორიული შესაძლებლობა მშვიდობისთვის“, რისთვისაც აუცილებელ პირობად დაასახელა დროებითი ზავის პირობების დაცვა.

„თუ ზავი წარმატებული იქნება, 29 თებერვალს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოეწერება ხელი შეთანხმებას თალიბებთან“, - განაცხადა მაიკ პომპეომ პრესკონფერენციაზე.

მან ფაქტობრივად გაიმეორა ორი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დელიში გამგზავრებამდე ნათქვამი სიტყვები.

„ვფიქრობთ, რომ მათ სურთ შეთანხმების გაფორმება. ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდება, ამას დავინახავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 23 თებერვალს, ინდოეთში გამგზავრების წინ.

თებერვლის დასაწყისში აშშ-მა და თალიბებმა ხელი მოაწერეს „ძალადობის ნაწილობრივ შემცირებას“, რაც 22 თებერვალს ამოქმედდა ავღანეთის ტერიტორიაზე და ერთ კვირას გასტანს.

მაგრამ ავღანური მედიის თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა რამდენიმე მცირე თავდასხმა სხვადასხვა პროვინციაში, ავღანეთის არმიისა და პოლიციის საგუშაგოებზე.

სულ მცირე, ექვსი კაცი დაიღუპა „ძალადობის შემცირების“ კვირეულში, თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ბალხის პროვინციაში. თავდასხმა 24 თებერვალს მოხდა მთავრობის მომხრე სახალხო ლაშქრის საგუშაგოზე. გარდა ამისა, სამანგანის პროვინციაში ექსტრემისტებმა გაიტაცეს ადგილობრივი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG