Accessibility links

სურკოვის თეზისები, უკრაინის ნაციონალური იდეა და სიგნალი ვაშინგტონიდან


რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მედიის წინაშე არ გამოჩენილა, 25 თებერვალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა და კრემლის მთავარ სტრატეგიად „ძმური ურთიერთობისკენ“ უკრაინის იძულება დაასახელა.

კრემლის ერთ-ერთი ყოფილი იდეოლოგის მსგავსი ანტიუკრაინული რემარკის ფონია რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეექვსე წლისთავზე ვაშინგტონის მიერ რუსეთისათვის სანქციების ერთი წლით გაგრძელება და ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ „ყირიმის დაბრუნება“ უკრაინის ეროვნული იდეის ნაწილს წარმოადგენს.

"დაკომპლექსებული სტრატეგის“ მოსაზრება

უკრაინის საკითხში რუსეთის ერთ-ერთმა ყოფილმა მთავარმა მომლაპარაკებელმა, ვლადისლავ სურკოვმა, სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება 25 იანვარს მიიღო "უკრაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილების" გამო. ეს ფორმულირება მაშინ საზოგადოებამ შეიტყო სურკოვის მრჩევლის, ალექსეი ჩესნაკოვისგან. კრემლთან აფილიებული, მოსკოვის პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი, ამჯერადაც პირველი აღმოჩნდა, ვისთანაც უკრაინის პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა გადადგომის შემდეგ ვლადიმირ პუტინის ყოფილმა თანაშემწემ.

უკრაინასთან მიმართებით ვლადისლავ სურკოვის თეზისები ასე გამოიყურება:

- უკრაინა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ უკრაინელობა;

- არსებობს ბენდერა, ბანდურა და ბორშჩი, ხოლო ერი არ არსებობს;

- დროთა განმავლობაში უკრაინა ჩამოყალიბდება, მაგრამ უცნობია, თუ რა საზღვრებში იარსებებს;

- ამ საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა რუსეთს ნებისმიერ შემთვევაში მოუწევს;

- ძმური ურთიერთობისკენ იძულება- უკრაინის მიმართ ისტორიულად დადასტურებული ერთდერთი ეფექტური მეთოდია.

- დონბასი არ იმსახურებს ისეთ დამცირებას, როგორიც არის უკრაინაში დაბრუნება

სურკოვის ამ მოსაზრებას მეყსეულად გაემიჯნა ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი, რომელმაც განაცხადა, რომ კრემლის პოლიტიკას არ წარმოადგენს ძმური ურთიერთობისაკენ უკრაინის იძულება.

„არა, ასეთი პოლიტიკა არ არსებობს... ტარდება თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მინსკის შეთანხმების შესრულების მხარდასაჭერად“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, რომელმაც სურკოვის მოსაზრებას, „ფიზიკური პირის“ პირადი პოზიცია უწოდა.

უკრაინაში სურკოვის სიტყვებს მშვიდად შეხვდა პოლიტიკური ელიტა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენი ავაკოვმა, განაცხადა, რომ „დაკომპლექსებული სტრატეგის“ სიტყვებზე საერთოდ არ ღირს ყურადღების გამახვილება. „უკრაინა ცოცხლობს მიუხედავად იმას, თუ რა წარმოდგენა აქვს მასზე გადამდგარ შოვინისტს“, - დაწერა ავაკოვმა ტვიტერში.

ვაშინგტონის „სასიცოცხლო“ მხარდაჭერა

„აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე, შესაძლოა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ხელთ ეგდოთ უკრაინის უფრო მეტი ტერიტორია
The Atlantic


რუსეთის მოქმედება უკრაინაში, მათ შორის, ყირიმის ანექსია და აგრესია დონბასში, „ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს და ინსტიტუტებს უკრაინაში“ და, უკრაინის გარდა, საფრთხეს უქმნის აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ ინტერესებს, - ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე 25 თებერვალს გამოქვეყნებულ დონალდ ტრამპის განკარგულებაში.

ამ დოკუმენტით, აშშ-ის პრეზიდენტმა ერთი წლით, მომავალი წლის 6 მარტამდე, გააგრძელა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების მოქმედების ვადა.

სიმბოლურია, რომ დონალდ ტრამპის მიერ მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას, მიერ დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ეკონომიკური ზომების გაგრძელება დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეექვსე წლისთავს.

2014 წლის 27 თებერვლის გარიჟრაჟზე მწვანე უნიფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა, რომელთაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ, შტურმით აიღეს რეგიონული პარლამენტი სიმფეროპოლში და შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს.

ასე დაიწყო ნახევარკუნძულის ოკუპაცია, რომელსაც სულ მალე რუსეთის მიერ ორგანიზებული უკანონო „რეფერენდუმიც“ მოჰყვა.

კრემლი უარყოფს ყირიმის ანექსიას და აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთს ნებაყოფლობით „შეუერთდა“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული შეიარაღებული სეპარატისტული ამბოხის შემდეგ უკრაინამ 2014 წლიდან მოყოლებული ვაშინგტონისგან, მთლიანობაში დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, რაც მოიცავს როგორც უსაფრთხოების მიმართულებით დახმარებას, ასევე დახმარებას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის განმტკიცების კუთხით.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა დაიწყო უკრაინის არმიის მხარდაჭერა ლეტალური საბრძოლო იარაღით, რაზეც აშშ-ის წინა თავს იკავებდა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ვაშინგტონმა კიევს გადასცა არაერთი დასახელების აღჭურვილობა, მათ შორის თანამედროვე ანტისატანკო სარაკეტო შეიარაღება, „ჯაველინები“.

კიევმა პირველად 2018 წლის აპრილში შეიძინა აშშ-ისგან მიიღო „ჯაველინის“ 37 მართვადი გამშვები დანადგარი და 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა.

2019 წელს კიევმა ვაშინგტონს დამატებით კიდევ 100 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა შეუკვეთა.

გასულ წელს კონგრესმა 50 მილიონი დოლარით მეტი, ჯამში 300 მილიონი დოლარი, გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის, რასაც უკრაინელი ექსპერტების „სასიცოცხლო მნიშვნელობისას“ უწოდებენ.

„აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე, დონბასის რეგიონში მდებარე 300 მილის (დაახლოებით 500 კილომეტრი) სიგრძის ფრონტის ხაზი შესაძლოა უკრაინის უფრო დასავლეთით გადაწეულიყო და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ხელთ ეგდოთ უკრაინის უფრო მეტი ტერიტორია“, - ნათქვამია ანალიტიკურ პორტალ The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ზელენსკის ახალი ინიციატივა და

ყირიმის დაბრუნება - უდავოდ არის ჩვენი ეროვნული იდეის შემადგენელი ნაწილი
ვოლოდიმირ ზელენსკი


ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეექვსე წლის თავზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად 26 თებერვალი გამოცხადდა ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღედ.

„მიტინგში მონაწილე ყველა ადამიანის მამაცობისა და გმირობის აღსანიშნავად, ხელს ვაწერ განკარგულებას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღის დაარსების შესახებ. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 თებერვალს“, - განაცხადა ზელენსკიმ კიევში მიმდინარე ფორუმზე - "ყირიმის დრო“ (Age of Crimea)

ექვსი წლის წინ, 2014 წლის 26 თებერვალს ყირიმის უზენაესი საბჭოს შენობის წინ დაიწყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მიტინგი. მაშინ მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ პრორუსული აქტივისტები, მათ შორის რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლები. მხარეთა შორის მოხდა დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა, თუმცა უკრაინის დამცველებმა შეძლეს ყირიმის პარლამენტის დაცვა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყირიმის დაბრუნებას უწოდა უკრაინის ეროვნული იდეის შემადგენელი ნაწილი და პირობა დადო, რომ კიევი არ შეეგუება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას დონბასში მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ.

„დღეს ჩვენ ყველა შესაძლებლობას მივმართავთ, რათა დონბასში შეწყდეს ომი და ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ საუკეთესო უკრაინელებს. ამისკენ არის მიმართული მთელი ჩვენი ძალისხმევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყირიმი დღის წესრიგიდან მოიხსნება დონბასში მშვიდობის დამყარების ფასად... ყირიმის დაბრუნება - უდავოდ არის ჩვენი ეროვნული იდეის შემადგენელი ნაწილი, “ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ისარგებლა რა უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებითა და კიევის ცენტრში მიმდინარე დაპირისპირებით, 2014 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. ამას მოჰყვა რუსეთის პროვოცირებული შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელსაც 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომს და რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას მოჰყვა დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება რუსეთისთვის და სხვა სადამსჯელო ნაბიჯები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG