Accessibility links

site logo site logo

"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ, რომ ოპოზიციას მაჟორიტარების 40-მდე შემცირება შესთავაზეს


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე უარყოფს, ოპოზიციას შესთავაზეს საარჩევნო სისტემა 110/40-ზე.

„დღეს გვქონდა დიპლომატების მიერ ორგანიზებული საუზმე და მათ ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან და განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. ბუნებრივია, ამაზეც იყო დისკუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი“, - უთხრა მედიას ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა - 110/40-ზე წარმოადგინა, ჟურნალისტებს მიაწოდა ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

კობახიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემის საკითხზე: „სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას და ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა ან პირიქით“.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე და პრინციპზე: „როგორც პროპორციებზე პროპროციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის, ისე საუბარი იყო მაგალითაც 40 % -ზე. როგორც იცით, ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ პარტია იღებს 40 %-ზე ნაკლებს, მას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება. ასეთ თემებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს არ იყო მოლაპარაკება. გავიმეორებ, როგორც ასეთი წინადადება 110/40-ზე არ დამდგარა ჩვენი მხრიდან“.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც მედიას უთხრა, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასთან დიალოგის ახალი რაუნდი მალე დაინიშნება.

„ამ საუზმემ ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენს შორის არსებულ კომუნიკაციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ შეხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში შევათანხმოთ მთავარი საკითხები ერთმანეთთან. დღეს დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გპირდებით, რომ მოლაპარაკების ყველა დეტალი და მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ცნობილი, როგორც კი შემდეგი დიალოგი დაინიშნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საარჩევნო საკითხებზე "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკება 10 თებერვალს შეწყდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ.

სხვადასხვა იდეოლოგიის ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც 2019 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ უზრუნველყო მის მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. კანონპროექტი ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან და არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული საარჩევნო სისტემა, რომელსაც მმართველი პარტია არ დათანხმდა და საპასუხოდ გამოთქვა ინიციატივა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ხოლო პროპორციული წესით, ანუ სიით არჩეულთა რიცხვი გაიზარდოს 77-დან ასამდე. ოპოზიციამ ეს წინადადება არ გაიზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს, კონსულტაციებს აწარმოებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესათანხმებლად და ამას არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG