Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის ხდება სექსი სახიფათო: ცოდნა, როგორც გაძლიერება


სალომე ასათიანის პოდკასტი

გადმოწერა

„როგორ გავხადოთ სექსი უფრო სახიფათო“ - რამდენიმე თვის წინ, პრაღის ტრამვაიში ფეისბუკის მორიგი უხალისო და ავტომატური „სქროლვისას“, ასეთი სათაურის სტატიამ მომჭრა თვალი და ლინკსაც, ცხადია, მაშინვე დავაჭირე თითი. პროვოკაციული, თუ, როგორც ამბობენ ხოლმე, „პიკანტური“ სათაურის მიღმა, ხელში შემრჩა ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული აკადემიური და ანალიტიკური წერილი, რომლის ავტორი, ანდრეა ბარიკა, სექსუალური აღზრდის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა.

“როცა უარს ვამბობთ მოსწავლეებს სექსის შესახებ ვასწავლოთ, ამით სექსს არ ვაჩერებთ - მას უბრალოდ უფრო სახიფათოს ვხდით და არა მხოლოდ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, თუ არასასურველი ორსულობის მეტი ალბათობის გამო. ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, არ იციან საკუთარი სხეულების ფლობა, გაცილებით უფრო ადვილი სამიზნეები ხდებიან მოძალადეებისთვის. როცა თინეიჯერი გოგო ვიყავი, მასწავლეს, რომ კაცებს ჩემგან ყოველთვის სექსი ენდომებოდათ, ჩემი მოვალეობა კი იყო მათთვის მეთქვა ‘არა’. და ამიტომაც, როცა სხეულზე უნებართვოდ მეხებოდნენ, ან სექსუალურად მავიწროებდნენ, ვფიქრობდი, რომ ეს რაღაცით ჩემი ბრალი იყო“ - წერდა სტატიის ავტორი და განაგრძობდა - „ბავშვების და მოზარდების საინფორმაციო ვაკუუმში დატოვება მოძალადეებს აძლევს საშუალებას თავად განსაზღვრონ ნარატივი. ისინი გათვლას სწორედ სიჩუმის კულტურაზე და მსხვერპლში აღძრულ სირცხვილის განცდაზე აკეთებენ“.

ანდრეა ბარიკა
ანდრეა ბარიკა

წერილის კითხვა ტრამვაიშივე დავასრულე და მან ძალიან დამაფიქრა. შემდეგ მისი ავტორის სახელი გუგლით მოვძებნე და აღმოვჩნდი ძალიან საინტერესო და უჩვეულო ვებსაიტზე - O.school - სექსის და სექსუალობის საკითხების შესახებ მოქმედ ონლაინ-პლატფორმაზე, რომლის დამაარსებელიც ნიუ-იორკ ტაიმსის იმ სტატიის ავტორი, ფილიპინური წარმომავლობის 30 წლის ამერიკელი ქალი, ანდრეა ბარიკა აღმოჩნდა.

ამ ვებსაიტს მას შემდეგ პერიოდულად ვსტუმრობ ხოლმე და ყოველთვის მომწონს ის ზუსტი, სწორი და გემოვნებიანი ფორმა, რომლითაც ყველა მასალაა მოწოდებული, რაზეც უნდა იყოს ისინი - შედარებით „მსუბუქ“, სხეულებრივ სიამოვნებაზე ორიენტირებულ, თუ, პირიქით, მძიმე და დამთრგუნველ თემებზე. ამ პლატფორმაზე ერთმანეთს ენაცვლება სტატიები და ვიდეოები სექსით სიამოვნების ინტენსიფიკაციის გზებზე, სექსუალური ძალადობის ტრავმის დაძლევაზე, კონტრაცეფციაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, მასტურბაციაზე, იმაზე, თუ რა სირთულეებს აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობების და, განსაკუთრებით, ეტლში მსხდომი ქალები გინეკოლოგთან ვიზიტისას და იმაზეც, თუ როგორ გვიშლის ხელს სექსისგან სიამოვნების მიღებაში ჩვენს სხეულებთან დაკავშირებული შიშები და კომპლექსები - რომ ზედმეტად გამხდრები, ზედმეტად მსუქნები, არასაკმარისად ლამაზები ვართ - და რა გზებით შეგვიძლია ამისგან თავის დაღწევა.ამ მასალების ენა არც ზედმეტად მეცნიერულია და არც ვულგარული, არც სამედიცინო და არც პორნოგრაფიული. O.school-ის ავტორებს რაღაც ძალიან სწორი შუალედი აქვთ მოძებნილი, რომელიც საშუალებას აძლევთ ყოველგვარი განსჯისა თუ მორალიზმისგან შორს მყოფი ფორმით, თავისუფლად ილაპარაკონ ძალიან ინტიმურ საკითხებზე და მარტივი, ლაღი, ზოგჯერ იუმორიანი ენით გადმოსცენ სამედიცინო ცოდნაზე დაფუძნებული ინფორმაცია.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.


ამიტომაც გადავწყვიტე ამ პლატფორმის დამფუძნებელი, ანდრეა ბარიკა,„ასათიანის კუთხეში“ დამეპატიჟა სტუმრად და მას რამდენიმე თვის წინ კალიფორნიაში დავურეკე ტელეფონით. როცა ვკითხე, ამ ინტერნეტ-პლატფორმის დაარსებისას მთავარი მიზანი რა გქონდათ მეთქი, მითხრა, როცა თინეიჯერი ვიყავი და ჩემს საკუთარ სექსუალობაში ვცდილობდი გარკვევას,მივხვდი, რომ ინტერნეტში სექსის შესახებ ინფორმაცია ან სამედიცინო ენით მოიპოვებოდა, ან კიდევ პორნოგრაფიის, ან მასთან მიახლოებული ჟანრებითო - მე კი გადავწყვიტე შემექმნა რაღაც ახალი, შუალედური, რათა ჩემს შემდგომ, უმცროს თაობას ბევრად უფრო გაადვილებოდა მათთვის ასე საჭირო ინფორმაციის მოპოვებაო.

სექსუალური აღზრდის მნიშვნელობის გარდა, ანდრეა ბარიკასთან ვლაპარაკობთ პორნოგრაფიის ჟანრზეც - რომელიც დღეს, ინტერნეტის ეპოქაში ისეთი ხელმისაწვდომია, როგორიც არასდროს ყოფილა. „დღევანდელ კულტურაში, იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი სექსის შესახებ ინფორმაციას სხვა წყაროებიდან ვერ იღებს - ან იღებს, მაგრამ ეს ინფორმაცია შიშზე, თუ სირცხვილის განცდაზეა დაფუძნებული - პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობა ნამდვილად შეიძლება პრობლემა გახდეს. თუ ადამიანებს არ ეუბნებიან, რომ პორნოგრაფია არ არის რეალობა, რომ ის კინობლოკბასტერივითაა, ამას მართლაც შეიძლება მოჰყვეს ცუდი შედეგები“ - გვეუბნება ანდრეა ბარიკა.

პოდკასტის ამ ეპიზოდში კარს მომდგარ ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტსაც ვეხმაურებით. O.school-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქალის სექსუალურ სიამოვნებაზე კონცენტრირება და იმ სტიგმასთან, შეზღუდვებთან, აკრძალვებთან დაპირისპირება, რომელსაც ქალის სურვილს საუკუნეების განმავლობაში უწესებდა პატრიარქალური კულტურა, თუ წესრიგი. „ქალს მუდმივად მოეთხოვება იყოს კაცის სურვილის ობიექტი, რაც არასწორია. ქალი სუბიექტია და მას საკუთარი, ავტონომიური სექსუალობა აქვს“ - გვეუბნება „ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი, ანდრეა ბარიკა.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG