3 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 90,932 ადამიანს მიაღწია. საერთო ჯამში, მსოფლიოს 76 ქვეყნის მონაცემებით, გარდაცვლილია 3119 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 48,173 ადამიანი.
გასული დღის განმავლობაში ჩინეთში, სადაც 80 151 ადამიანია ინფიცირებული, დაფიქსირდა 125 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი. მთლიანობაში ჩინეთში გარდაცვლილია 2944 ადამიანი.
იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2036 შემთხვევაა სულ აღრიცხული, გარდაცვლილია 52, კრიტიკულად ითვლება 166 დაინფიცირებულის მდგომარეობა.
3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. კორონავირუსის სამივე შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.