Accessibility links

site logo site logo

დემოკრატების პრაიმერისში 10 შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა


ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი (მარცხნივ)

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის პრაიმერისში, წინასწარი შედეგებით, 10 შტატში გაიმარჯვა პრეზიდენტობის კანდიდატმა, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ასეთია შედეგები „სუპერსამშაბათისა“, რომელიც 3 მარტს გაიმართა - დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერისი ერთდროულად ჩატარდა 15 შტატსა და ტერიტორიაზე.

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, ბაიდენის შედეგი 41-დან 48 პროცენტამდეა. მეორე ადგილი დაიკავა ვერმონტის შტატის სენატორმა ბერნი სანდერსმა. მან ამავდროულად გაიმარჯვა მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდ კალიფორნიის შტატში და ძალიან ახლოსაა ჯო ბაიდენის შედეგებთან მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფ ტეხასის შტატში.

გაზეთის თანახმად, 77 წლის ჯო ბაიდენს მხარი ძირითადად აფროამერიკელებმა და ხანდაზმულმა ამომრჩევლებმა დაუჭირეს, ხოლო 78 წლის ბერნი სანდერსს - ლათინოამერიკელებმა და ახალგაზრდებმა.

ბაიდენმა, წინასწარი შედეგებით, პარტიულ ყრილობაზე დელეგატების 253 ხმა მიიღო, სანდერსმა კი - 185.

დემოკრატების პრაიმერისი ივნისის დასაწყისამდე გაგრძელდება, პრეზიდენტობის კანდიდატს კი ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე, ივლისში დაასახელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG