Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: პოლიტიკურად ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური ნიშნით ირჩევს


გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველამ ერთად უნდა გაიმარჯვოს და ყველამ ერთად უნდა იზრუნოს მოქალაქეებსა და ეკონომიკაზე ვირუსის ზემოქმედების მინიმალიზებისათვის. მისივე თქმით, ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით არ ირჩევს:

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს, ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, მიუხედავად ამისა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ახალ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით:

„და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გახლავთ ის შედეგები, რომლებსაც ჩვენ, დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არც ერთი წამით, კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა, ერთობლივი ბრძოლის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

5 მარტს საქართველოში ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსი 4 მარტს დაუდგინდა საქართველოს ერთ მოქალაქეს იტალიაშიც.

XS
SM
MD
LG