Accessibility links

ფატუ ბენსუდას მიეცა უფლება, გამოიძიოს ავღანეთში ჩადენილი საომარი დანაშაულები


ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს სააპელაციო კოლეგიამ 5 მარტს გააუქმა პირველადი ინსტანციის მიერ ადრე დადგენილი აკრძალვა და კვლავ მწვანე შუქი აუნთო ავღანეთში ჩადენილი სავარაუდო საომარი დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მომხდარი კრიმინალური ფაქტების გამოძიებას.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკიმ, 5 მარტს განაცხადა, რომ „პროკურორს უფლება მიეცა, გამოიძიოს ავღანეთში მომხდარი ყველა სახის სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ 2003 წლიდან“.

გამოძიება ძირითადად შეეხება საბრძოლო მოქმედებების დროს ამერიკელი და ავღანელი სამხედროების, ასევე თალიბების მიერ ჩადენილ საომარ დანაშაულებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების პროცესში ბრალი წარედგინოთ ეჭვმიტანილ ბრიტანელ ჯარისკაცებსაც.

მოსალოდნელია, რომ ჰააგის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განარისხებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციას, რომელმაც მანამდე დაგმო საერთაშორისო სისხლის სასამართლოს (ICC) პროკურორ ფატუ ბენსუდას ვაშინგტონისადმი მიმართული თხოვნა, რომ ამერიკელ სამხედროებს ეთანამშრომლათ საერთაშორისო გამოძიებასთან.

მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, ვიზაზე უარის თქმით ან მათი გაუქმებით დაემუქრა (ICC)-ის თანამშრომლებს, რომლებიც ავღანეთსა და რომელიმე სხვა ქვეყანაში მყოფი ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო საომარი თუ სხვა სახის სამხედრო დანაშაულების შესწავლას აპირებდნენ.

ამ ვითარებაში შარშან პროკურორ ფატუ ბენსუდას თხოვნას მხარი არ დაუჭირა სისხლის სამართლის სასამართლომ, რომელმაც განაცხადა, რომ ვერანაირი სახის გამოძიება თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ იქნებოდა შედეგიანი, თუკი თანამშრომლობაზე უარს ამბობდა ყველა მხარე, როგორც აშშ და ავღანეთის მთავრობები, ისე თალიბანი.

როგორც „გარდიანი“ წერს, 2017 წლის ნოემბერში პროკურორი ფატუ ბენსუდა გამოვიდა ინიციატივით, საერთაშორისო ტრიბუნალს ნება მისცემოდა ჩაეტარებინა სრულმასშტაბიანი გამოძიება იმ წინასწარი გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, რომელიც მთელი 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

საერთაშორისო პროკურორებს მოეპოვებათ ინფორმაცია აშშ-ის არმიისა და დაზვერვის უწყებათა წარმომადგენლების მიერ ავღანეთსა თუ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედრო ტყვეების მიმართ სხვადასხვა დროს ჩადენილი წამების, სისასტიკის, გაუპატიურებისა თუ სხვადასხვა, მათ შორის, სექსუალური, ძალადობის ფაქტებზე.

პროკურორ ბენსუდას ინფორმაციით, 2009 წლის შემდეგ თალიბანმა და სხვა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ავღანეთში დახოცეს 17 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ეჭვმიტანილი არიან სამთავრობო ციხეებში მყოფი პატიმრების წამებაში.

„ეს არის ისტორიული მომენტი, რითაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გამოასწორა ეს საშინელი შეცდომა"
სოლომონ საკო


ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სააპელაციო კოლეგიის ხუთშაბათის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ თავის დროზე ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სასამართლო წესდების ზოგიერთი ნორმა.

გააუქმა რა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, საერთაშორისო სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ასევე გამოძიების ჩატარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, ლიეტუვა და რუმინეთი, სადაც აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) მიერ საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა საპატიმრო დაწესებულებები არსებობდა.

„ეს არის ისტორიული მომენტი, რითაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გამოასწორა ეს საშინელი შეცდომა და დადგა იმ ადამიანების მხარეზე, რომლებიც ავღანეთის კონფლიქტის დროს ყველა მხარის მიერ ჩადენილი საკაცობრიო და საომარი დანაშაულის მსხვერპლად იქცნენ“, - განაცხადა „ამნესტი ინტერნეიშნლის“ დირექტორის მოადგილემ, სოლომონ საკომ.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლოს 5 მარტის გადაწყვეტილების თაობაზე აშშ-ის ხელისუფლების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. 2019 წელს კი აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მიესალმა ჰააგის პირველადი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიღებულს პროკურორ ფატუ ბენსუდას მიმართვასთან დაკავშირებით, და მას უწოდა „კანონის უზენაესობის დიდი საერთაშორისო გამარჯვება“.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (CIA) გამომძიებლების წარმოებაშია რამდენიმე საქმე: მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომისა და რუსეთის მიერ „ყირიმის ანექსიის“ დროს ჩადენილი ომის დანაშაულის ფაქტების გამოძიება.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG