Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას დემოკრატიის წინსვლად აფასებს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას და მას დემოკრატიის წინსვლად აფასებს.

„იმავდროულად, ვწუხვართ, რომ, დოკუმენტის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლის იქით გადაიწევს. მიუხედავად ამისა, მხარს ვუჭერთ შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მაჟორიტარული და პროპორციული მოდელების შერევით წარმოქმნილ სისტემურ ხარვეზებს და იძლევა შესაძლებლობას, არჩევნები ჩართული მხარეების მიერ აღიარებული თამაშის წესებით ჩატარდეს“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პარლამენტს წინ აქვს სკრუპულოზური სამუშაო პროპორციული არჩევნების შედეგების სამართლიანი განაწილების წესისა და მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენის მიმართულებით.

საია იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი საპარლამენტო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განწყობით გაგრძელდება და შეთანხმება საფუძვლად დაედება წინასაარჩევნო პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვას.

გუშინ, 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავიდა და ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა. შეთანხმების მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტში 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი შევა, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG