Accessibility links

site logo site logo

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში რომიდან, სპეცრეისით დააბრუნებენ


საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ჩაიყვანენ რომში, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდებიან.

კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ზალკალიანმა მედიას აცნობა, რომ საქართველოს საელჩოს უკვე აქვს სია იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი მოქალაქეებისა, რომლებსაც სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაბილეთები ჰქონდათ.

"მოხდება მათი ორგანიზებული ჩამოყვანა რომში, რადგანაც რეისი განხორციელდება რომიდან. საქართველოს საელჩო რომში უკვე მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს მათი ორგანიზებული ჩამოყვანა", - განაცხადა ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია. მისი ვარაუდით, რომიდან საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველომ ჩინეთის და ირანის შემდეგ, ავიამიმოსვლა იტალიასთანაც შეაჩერა.

იტალია კორონავირუსის COVID-19 შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა ჩინეთის და სამხრეთ კორეის შემდეგ. 9 მარტის შუადღის მონაცემებით, იტალიაში სულ დაავადდა 7 375 და გარდაიცვალა 366 ადამიანი.

საქართველოში, სადაც კორინავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა, დაავადებულთა უმრავლესობა იტალიაში იმყოფებოდა ან კავშირი ჰქონდა იტალიიდან დაბრუნებულ პირებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG