Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 33 პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა


„ლუგარის ლაბორატორიაში“ ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსით COVID-19 დაავადება არ დაუდასტურა 33 პაციენტს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს, 10 მარტს მედიას აცნობა, რომ ტესტირება 9 მარტს, ორ ეტაპად ჩატარდა და 33-ივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. ამ პაციენტების ნაწილი საკარანტინო სივრცეში, ან თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

10 მარტის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი. მათ შორისაა ვირუსული პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებული 14 ადამიანი. მძიმეა ერთის მდგომარეობა.

„საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა სტაბილურია, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ გაგვიუარესდება მისი მდგომარეობა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი ინფორმაციით, საშუალო სიმძიმის სტაბილურ მდგომარეობაშია კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქია.

10 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 15 შემთხვევა. ერთი პაციენტი საჩხერის კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

XS
SM
MD
LG