Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძემ მაჟორიტარული ოლქების განაწილების სავარაუდო სქემა დაასახელა


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილების წინასწარი სქემა ცნობილია.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წინასწარი მონახაზის მიხედვით, იმერეთში 4 მაჟორიტარული ოლქი იქნება, აჭარა, სამეგრელო, კახეთი და ქვემო ქართლი 3-3 ოლქად დაიყოფა, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი 2-2 ოლქად, თითო მაჟორიტარული ოლქი იქნება გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში და 7 თბილისში.

„დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საზღვრები. ქალაქებზე - თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე გადანაწილდება დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და დანარჩენ შემთხვევაში იქნება მთლიანობაში 20 საარჩევნო ოლქი. გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. აქედან გამომდინარე საკითხი არის არსებითად ტექნიკური“, - უთხრა დღეს, 10 მარტს მედიას ირაკლი კობახიძემ.

მაჟორიტარული ოლქების საზღვრები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა შეიცვალოს. უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

შეთანხმების პირობების დაკანონებას სჭირდება ცვლილებები კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში.

დღეს მოქმედი წესით, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 73 მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული სისტემით აირჩევა.

XS
SM
MD
LG