Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი რიში მოელის საქართველოში პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა გათავისუფლებას


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს რიშმა და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა შეაქეს საქართველოში საარჩევნო სისტემის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რომლის მიზანია პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება.

ჯეიმს რიში აცხადებს, რომ მოხარულია საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ მიღწეული შეთანხმებით და მის სრულად შესრულებას მოელის.

სენატორი რიში იხსენებს სენატორ შაჰინთან ერთად, ამ წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და მთავრობას ურჩიეს, დაესრულებინა დემოკრატიის უკუსვლა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ეს შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენის გზაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, აუცილებელია შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ყველა მხარემ დაიცვას“, - განაცხადა ჯეიმს რიშმა.

რესპუბლიკელი სენატორი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მოელის ამ შემოდგომაზე საქართველოში სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ჯეიმს რიში აქებს ყველა მხარეს იმის გამო, რომ ქართული დემოკრატიის წინსვლისთვის რთულ კომპრომისებს დათანხმდნენ.

სენატორი რიში მიესალმა მხარეთა ერთობლივი განცხადებით გამოთქმულ დაპირებას, რომ განხილული იქნება ქმედებები, რომლებიც შესაძლოა, აღიქმებოდეს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არამიზანშეწონილ პოლიტიზებად. ჯეიმს რიში მოელის პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა აუცილებლად გათავისუფლებას.

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, ეიმედება, რომ საქართველოს მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადადგა საარჩევნო რეფორმის დაპირების შესრულებისკენ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიისთვის.

სენატორი შაჰინი აფასებს იმას, რომ საქართველომ გაითვალისწინა მისი და სენატორ რიშის შეშფოთება, რომელიც უკავშირდებოდა სამოქალაქო ჩართულობისა და ქართველი ხალხის ხმების პატივისცემას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი პრინციპია. ჯინ შაჰინს იმედი აქვს, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას და დარჩება საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ერთგული.

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანის და კარლ ჰარცელის აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

შეთანხმების პირობების დაკანონებას სჭირდება ცვლილებები კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში.

დღეს მოქმედი წესით, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 73 მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული სისტემით აირჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG