Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: 3 პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო იძულებით კარანტინში გადაიყვანეს


ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში სამმა პირმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია. ისინი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბათუმის შემთხვევა რადიო თავისუფლებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დაუდასტურა.

"თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას", - განმარტავს შსს.

უწყება კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 25 შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანი და სტაციონარში 58. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია რეკომენდაციების შესრულება. მათ, ვისაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვთ, სხვა პირებთან კონტაქტისგან თავი უნდა შეიკავონ.

XS
SM
MD
LG