Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონში დაძაბულობა იზრდება აშშ-ის მიერ პროირანულ დაჯგუფებაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ


12 მარტს აშშ-ის ავიაციის მიერ ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პროირანული სახალხო ლაშქრის რამდენიმე წევრის დაღუპვა დაგმეს და აგრესიად შეაფასეს ბაღდადმა და თეირანმა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტი გააფრთხილა „სახიფათო ქმედების“ მოსალოდნელ შედეგებზე.

აშშ აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში განხორციელებული საავიაციო იერიში იყო პასუხი 11 მარტის სარაკეტო დაბომბვაზე, რასაც ერაყის სამხედრო ბაზაზე მყოფი ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

სარაკეტო თავდასხმა ბაღდადიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტაჯის სამხედრო ბაზაზე, კოალიციური სარდლობის ცნობით, რუსული წარმოების დანადგარ „კატიუშადან“ განახორციელა შიიტურმა სახალხო ლაშქარმა, რომლის უკანაც ირანი დგას.

საპასუხო იერიშიდან რამდენიმე საათში, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა საავიაციო თავდასხმის შედეგად დაჯგუფება „კატაიბ ჰეზებოლას“ იარაღის ხუთი საწყობისა და ასევე იმ საცეცხლე წერტილების განადგურების შესახებ, საიდანაც უკანონო ფორმირებები ცეცხლს უშენდნენ აშშ-ის სარდლობით მოქმედ კოალიციურ ძალებს.

აშშ-ის ერთმა სამხედრო წყარომ საავიაციო იერიშს აშშ-ისა და ბრიტანელების ერთობლივი ოპერაცია უწოდა.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინციდენტის გამო აპირებს აშშ-ისა და ბრიტანეთის ელჩების დაბარებას.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ, განაცხადა, რომ ნაცვლად „სახიფათო ქმედების და დაუსაბუთებელი ბრალდებებისა“, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „უნდა გადასინჯოს რეგიონში თავისი სამხედროების“ ყოფნა.

თავდასხმა იყო „თავდაცვითი, პროპორციული და პირდაპირი პასუხი იმ საფრთხეზე, რასაც ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური გასამხედროებული ჯგუფები გვიქმნიან“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG