Accessibility links

"მიმოდის როგორც გრიპი, ცხელება..."


17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა. პოეტმა 1959 წლის 17 მარტს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამკურნალო კომბინატში, რომელსაც პერიოდულად სტუმრობდა ხოლმე სუსტი ჯანმრთელობის გამო.

გალაკტიონი ხშირად აკითხავდა ხოლმე საავადმყოფოებს, თუმცა, როგორც მისი დღიურებიდან ჩანს, შინაც ხშირად უწევდა სიცხისგან გათანგულს წოლა და მწარე აბებისა თუ მიქსტურების მიღება... მართლაც მთელი ცხოვრება ავადმყოფობდა, მათ შორის ავადმყოფობდა გრიპითაც, რომელიც, მისი სიტყვებით, ფეხდაფეხ დასდევდა, როგორც დასდევდა სევდა (სპლინი).

რა მეშველება!
ჭირი და ლხინი -
გახდა წამება -
ვით აპოკრიფი -
წინად კვალდაკვალ
დამდევდა სპლინი,
ეხლა ფეხდაფეხ
თან დამდევს გრიპი.

აი, ასეთი გარითმული სახუმარო სტროფი ჩაუწერია 1935 წლის 11 მარტს.

საყოველთაოდაა ცნობილი გალაკტიონისა და მისი ძმის, აბესალომის 1930 წლის ოქტომბერ-დეკემბერის მიმოწერა, რომელშიც პოეტის უფროსი ძმა უკიდურესად შეწუხებულია გალაკტიონის როგორც სავალალო მატერიალური, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობით.

„ძმაო აბესალომ. შენი წერილი მივიღე. მე კარგად ვარ, თუმცა წამოსვლის დროს ცოტა გავცივდი, გრიპი მქონდა, ფეხზე გადავიტანე, არ დავწოლილვარ. ეხლა კარგადა ვარ“, - წერს გალაკტიონი, რის პასუხადაც ძმის ასეთ წერილს იღებს:

„...პირველად, ჯანმრთელობის მხრივ ხომ კარგათ ხარ? იწერებოდი, გრიპით ვიყავი ავადაო. თუ ძმა ხარ, გალაქტიონ, შენ გენაცვალე, თავს მოუფრთხილდი. ნეტა ეს მაცოდინა, პალტო თუ გაქვს. მე ხომ მაშინ ფული გაგატანე სპეციალურათ პალტოს დასახსნელათ. ვაი თუ უპალტოოთ ხარ? ქვეყანა შოულობს ტანსაცმელს, საჭმელს და შენთვის, ასეთ ნიჭიერ კაცისთვის, რავა ისპობა ყველაფერი. მე რომ შენს ადგილას ვიყო, ავდგები, მივადგები სასახლეში ფ. მახარაძეს და ვეტყვი: თქვენ, რასაკვირველია, კულტურის, განათლების დამცველი ხართ. განა სირცხვილი არ არის, მე – პოეტს შესაფერი პირობები ვერ შემიქმენით-თქო".

კვლავ დღიური გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა დაემართა.

1930 წლის 31 ოქტომბრის ჩანაწერი:

„ვიყავი ავად გრიპით, რადგან დავკარგე პალტო და ფეხსაცმელი, თან ცოტაოდენი ფული. და ასე დაიკარგა 10 დღე. ამ 10 დღის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა...“

თუმცა ჯანმრთელობა და მატერიალური გაჭირვება არც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მოასვენებს. ექვსთვიანი წყვეტის შემდეგ მხოლოდ 1931 წლის მაისში შეძლებს ჩანაწერის გაკეთებას:

„მეექვსე თვე გადის, რაც დღიურში არა ჩამიწერია რა. ამ ხნის განმავლობაში მე გადავიტანე ბევრი რამ: უმუშევრობის, უფულობის გამო იძულებული გავხდი გავქცეულიყავი სოფელში ძმასთან, რომელმაც გამიწია დახმარება. მან მომცა პალტო. როდესაც სოფლიდან დავბრუნდი, ავად გავხდი ისევე გრიპით, მაგრამ დავანებოთ ამას თავი...“

თავი დავანებოთო, კი ამბობს, მაგრამ სულ რაღაც ოთხი-ხუთი სტრიქონის შემდეგ ასეთი ჩანაწერი გვხვდება:

„კოკისპირული წვიმა ასხამს. ჩვენს უზარმაზარ სახლის ეზოში ამ დროს შემოდის მომღერალი ქალი და მღერის: „თუ თვალებიდან ცრემლი მოგდის, თავი გტკივა და სუნთქვა გიჭირს - ეს გრიპია“.

იცის გრიპის სიმპტომები, იტანჯება შედეგებით („მახველებს, სული მეგუბება ყელთან, გულის შეხუთვა არ მასვენებს: შედეგები გრიპის“) და, როგორც ჩანს, ეძებს პრევენციის საშუალებას. ყოველ შემთხვევაში, 1935 წლის ჩანაწერი ამაზე მიუთითებს: „გრიპის გამაფრთხილებელი წამალი“.

მაგრამ სად არის „გრიპის გამაფრთხილებელი“ წამალი?

„დაიწყო რაღაც საშინელება: მე ჩავკეტე სახლის კარები. ო, მართლაც საშინელება!“ - წერს 1939 წლის 14 იანვარს და მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, 5 აგვისტოს განმარტავს, რომ „ეს იყო გრიპის საშინელება“-ო.

როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, 12 იანვარს ფილარმონიაში საღამო ჰქონია და ყველაფერი მას შემდეგ მომხდარა.

„საღამო მშვენიერად ჩატარდა, მაგრამ მე დამღალა სასტიკად. განსაკუთრებით კარგად გამოვიდნენ ჩემს საღამოზე: შალვა დადიანი, ს. აბაშელი, ლ. ასათიანი, გ. ქუჩიშვილი, ელენე შერრი, ანდრია ბალანჩივაძე; და აგრეთვე სხვები. მაგრამ საზიზღრად იქცეოდა მაშაშვილი (ალიო მირცხულავა)...“ - მერე ვრცლად წერს, რომ ალიოს და ილოს (მოსაშვილი) გამოუთქვა ეპიგრამა, რომელიც იქვე, დარბაზში გავრცელებულა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედესო. აი, ეპიგრამაც:

ალიომ უთხრა ილიოს,
ვაჰ, თუ ბზე გამოილიოს.
ილამ სთქვა: ჩემონალაო,
ბზეს მირჩევნია ჩალაო.

საღამო, ავად თუ კარგად, მშვიდად დასრულებულა, მაგრამ, ბედის ირონიით, კვლავ გრიპი შეჰყრია:

„მე არ მქონდა საავადმყოფოში დაწოლის საშუალება. ამიტომ იძულებული ვიყავი ფეხზე გადამეტანა იგი. ცეცხლს ამ ზამთარში ვერ ვანთებდი, შეშა არა მქონდა. ღამღამობით მაძლევდა ოფლს, განუწყვეტლივ საშინლად მახველებდა, გული მერეოდა, მთელი სხეული მიკანკალებდა, ხელში კალამს ძლივს ვიღებდი, მაგრამ მუშაობის თავი სად იყო. ამიძაგძაგდებოდა ხელი და კალამი ძირს ვარდებოდა. ამას დაემატა საშინელი სმა, ღვინო, არაყი, ლუდი, ყოველდღე, განუწყვეტლივ. საშინლად დავეცი. მახსოვს, როდესაც არაყსა ვსვამდი, ხელები მიკანკალებდნენ და ნახევარი არაყი იღვრებოდა, კახელი გლეხი მიცქეროდა და თანაგრძნობით ამბობდა: „რა ვქნა, ეგეთი ჯეელი კაცი ხართ და ეგ რა დაგმართნიათო“. მართლაც, ამაზე უარესი რაღა უნდა მომსვლოდა? ბინა პირდაპირ საღორეს დაემსგავსა. ვინა მყავდა დამლაგებელი? მიუხედავად ყოველივე ამისა, ვახერხებდი ცოტაოდნად მუშაობას“.

მერე რესტორანში ნასვამ თაყვანისმცემლებს გადაეყრება, ხათრს ვერ გაუტეხს და მათთან ერთად დიდი თასით დალევს ღვინოს.

„მეორე დღეს ტანგაუხდელს გამომეღვიძა, მაგრამ ფეხზე ვეღარ ავდექი. ვიგრძენი გვერდის ტკივილი, რაღაც აუტანელი. ვეღარ ვდგებოდი. მეგონა, რომ ჩამტვრეული მაქვს გვერდის ძვლები. დიდის ვაი-ვაგლახით, როგორც იქნა საავადმყოფოში მივედი და ექიმს ვენახვე: მგონი, ნეკნები მაქვს ჩამტვრეული მეთქი. ექიმმა დიდხანს მსინჯა. „გრიპი გქონდათ?“ - მკითხა. „ეხლაც ავადა ვარ, მეხუთე თვეა“, - ვუპასუხე. ექიმმა (თოფურიამ) თავი გააქნია. „გვერდის ნეკნები არ არის დაზიანებულიო“, - სთქვა მან და გამომიწერა წამლები. მაგრამ გვერდი მაინც საშინლად მტკივოდა, მახველებდა, ოფლში ვიწურებოდი, და ვიყავი მარტო. გადავწყვიტე საავადმყოფოში დაწოლა. და გავეშურე კიდეც. გზაში ოლგა იურიევნა შემხვდა. „ასე და ასეა ჩემი საქმე“-მეთქი - მოვუყევი ყველაფერს. მან კატეგორიულად მირჩია სახლში დავწოლილიყავი. მეც გამოვბრუნდი გზიდან და ჩავწევი... ოლგა იურიევნამ პირდაპირ გადამარჩინა. მან დაასუფთავა მთელი ბინა, დააკრიალა იატაკი, დარეცხა ყველაფერი, მიალაგა წიგნები, ხელნაწერები. დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი სუფთა საწოლში. იურიევნამ „ლეჩკომისიიდან“ დაუძახა ექიმს. ექიმიც მოვიდა. „პლევრიტია, - სთქვა მან, - გრიპის ნიადაგზე“. და ასე, 29 მაისიდან 15 ივნისამდე ვიწევი საწოლში. გრიპმა გაიარა. იურიევნა მივლიდა თავდადებით. გაჰქრა ხველა; ოფლიც, ტანისა, ხელების კანკალი. გრიპმა გაიარა! მხოლოდ გვერდი მაინც მტკივოდა“.

მერეც, სიცოცხლის ბოლომდე, სულ „გრიპიანობდა“:

„დღეს გასხლეს ჩვენი ბაღი. აკაციის ტოტი, რომელიც გრიგალმა დააზიანა 15 ივნისს, და დღემდე მაინც ცოცხლობდა, სრულიად ჩამოგლიჯეს და ახდენს გულის მომკვლელ შთაბეჭდილებას! გუშინ მივიღე წერილი. რატომღაც დღეს ოთახის კარები ღია იყო. ვგრძნობ, გვერდმა ისევ დამიწყო ტკივილი. გრიპიც კიდევ. მგონი, არაა საშველი!“

„9 დეკემბერს ავად გავხდი საღამოთი გრიპით - და დღეს - 16 დეკემბერს ავდექი საწოლიდან.
კოკონასაც იმ დღეს გაუხდა ბავშვი ავად გრიპით და დღესაც ავადაა“.

„ძლიერ ავადა ვარ გრიპით: მაგრამ ეგ არაფერია. უნდა გავუძლო“, - აფხაზეთი. 14 ენკენისთვე, 1943 წ.

„დღეს პირველად გავიარე ქალაქში. 14 დღე ვიწექი გრიპით, ანგინით და საერთო დასუსტებით. ავადმყოფობა გადავიტანე ჭამით“, - 1951 წლის 14 ივნისი.

და ასე შემდეგ სულ გრიპსა და გაცივებაზე, რომელიც, მისი თქმით, ფეხდაფეხ დასდევდა... თავად განსაჯეთ, 50-იან წლებში რამდენჯერმე უცდია ავტობიოგრაფიის დაწერა და, როგორც ჩანს, მაშინაც გრიპს შეუშლია ხელი:

„დავიბადე 1892 წელს. ვსწავლობდი ჯერ ქუთაისში, მერე ტფილისის სემინარიაში. ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. ჩემმიერ დაწერილი არის ხუთი ათასი (5.000) ლექსი. ამ წამში, როდესაც ამას ვსწერ, ვარ ძლიერ ავად გრიპით. მე მინდა, ეს ჩემი ავტობიოგრაფია გადასინჯოს ჭკვიანმა“.

და ბოლოს, იმის საჩვენებლად, თუ როგორ ჰყავდა გრიპს გატანჯული გალაკტიონი, შეგვიძლია გავიხსენოთ 30-იანი წლების ბოლოს დაწერილი ლექსი („ახალგაზრდობა“), რომელშიც გრიპი, როგორც ავადმყოფობა, გამოყენებული აქვს გერმანული ნაციზმის მეტაფორად:

„გამომხატველი ავადმყოფ ჟინის,
მიმოდის როგორც გრიპი, ცხელება,
მწვავე სიმსივნე ახალ ბერლინის,
მიხაკისფერი საშინელება“.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG