Accessibility links

უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილს კიდევ 13 წლით მიუსაჯეს პატიმრობა


უზბეკეთის პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი ისლამ ქარიმოვის პატიმრობაში მყოფ ქალიშვილს, გულნარა ქარიმოვას დამატებით 13 წლით და ოთხი თვით მიუსაჯეს პატიმრობა, სასამართლო პროცესზე, რომელზეც მას და მის ყოფილ მოკავშირეებს ასამართლებდნენ.

უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ 18 მარტს განაცხადა, რომ ქარიმოვა დამნაშავედ იქნა ცნობილი გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში, სხვათა საკუთრების გამოყენებასა და ფინანსურ და სხვა დანაშაულებში და იმავე დღეს, კიდევ ხუთ განსასჯელთან ერთად, პატიმრობა მიესაჯა.

ქარიმოვა გასული წლის მარტიდან ტაშკენტში პატიმრობაში იმყოფება, ახალი ბრალდებებით მისი სასამართლო პროცესი 8 იანვარს დაიწყო.

გასულ თვეში ქარიმოვამ პრეზიდენტ შავკატ მირზოევს წერილით მიმართა და ქვეყნის ხაზინაში 686 მილიონი დოლარის დაბრუნება შესთავაზა, სასამართლო პროცესის შეწყვეტის სანაცვლოდ.

უზბეკეთის გენერალური პროკურორის ოფისის აგვისტოს განცხადების თანახმად, ქარიმოვას წინააღმდეგ ახალი საქმე უკავშირდება ბრალდებებს, რომ მან უკანონოდ შეიძინა სახელმწიფოს კუთვნილი წილები ცემენტის ორ საწარმოში, რომლებიც შემდეგ უცხოელ ბიზნესმენს მიჰყიდა.

47 წლის ქარიმოვა, რომელსაც ერთ დროს მამამისის შემცვლელად განიხილავდნენ, ასევე დაკავშირებულია ფულის გათეთრების გამოძიებებთან შვედეთსა და შვეიცარიაში.

გულნარა ქარმოვა 2014 წელს, როცა მისი მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ქვეყანას მართავდა, ტაშკენტში შინაპატიმრობაში მოათავსეს. ქარიმოვი 2016 წელს გარდაიცვალა და მალე უზბეკეთის პრეზიდენტი მირზოევი გახდა.

2017 წელს ქარიმოვას 10 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, მაგრამ რამდენიმე თვეში მისი სასჯელი შინაპატიმრობით შეცვალეს და ხუთ წლამდე დაიყვანეს.

გასული წლის მარტში ის ციხეში მოათავსეს, ბრალდებით, რომ შინაპატიმრობის პირობები დაარღვია.

2019 წლის მარტში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქარიმოვა დაასახელა მონაწილედ ქრთამის საერთაშორისო სქემაში და მას ბრალად დასდო შეთქმულებაში მონაწილეობა, აშშ-ის უცხოური კორუფციის კანონების დასარღვევად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG