Accessibility links

თორნიკე მამალაძე: საპატრიარქოს მოვუწოდებ, ეკლესიაში გავრცელებულ მთავარ ვირუსს მიხედოს


თორნიკე მამალაძე

„დეკანოზი გასწირეთ სიკვდილისთვის“, - ამ წარწერიანი პლაკატით საპატრიარქოსთან 20 მარტს, სინოდის სხდომის დაწყებამდე მივიდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე.

„ზუსტად კათოლიკოს-პატრიარქს სურს, რომ ჩემი ძმა არ გათავისუფლდეს. ამ ადამიანებმა, რომლებიც ახალა აქ კორონავირუსთან დაკავშირებით მსჯელობენ, კარგად იციან ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ისინი არ ათავისუფლებენ და ამიტომაც მათ გაწირეს ჩემი ძმა. მე ამ ადამიანებს მოვუწოდებ იმისკენ, რომ მთავარი ვირუსი რაც არსებობს და წლების მანძილზე არსებობს საქართველოს საპატრიარქოში, უმჯობესია იმ ვირუსს მიხედონ და ერთხელ და სამუდამოდ ამოძირკვონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე მამალაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლილი მსხილაძემ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 17 მარტს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. მანამდე იგი არ აღმოჩნდა არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის. პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს საპატრიარქოში 20 მარტს 12 საათზე დაიწყო სინოდის სხდომა, რომელზეც განიხილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება.

ერთი დღით ადრე, 19 მარტს, საპატრიარქოს ვებსაიტზე ამ შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: "კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება".

სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, ზიარებისას არ იყოს გამოყენებული ყველასთვის საერთო ჭურჭელი.

20 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 43 შემთხვევა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG