Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის ტესტირების საშუალება მეტ კლინიკას ექნება


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გაფართოვდება კორონავირუსის COVID-19 ტესტირების გეოგრაფიული არეალი და კლინიკებისთვის უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება.

საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ არეალის გაფართოების გადაწყვეტილება ექსპერტებთან ერთად მიიღეს, თუმცა, არ დაუსახელებია სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც ტესტირების შესაძლებლობა ექნებათ.

„შევთანხმდით ექსპერტებთან ერთად, რომ მოხდეს უფრო მეტად განვრცობა გეორგრაფიული ხელმისაწვდომობის ტესტირებაზე და ტესტირების საშუალება, იქნება ეს სწრაფი თუ ოქროს სტანდარტი ტესტირების, ხელმისაწვდომი იყოს უფრო ფართოდ კლინიკებისთვის და მოსახლეობისთვის. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს აქვს ტესტების მარაგი და არცერთ შემთხვევაში, როცა ეს საჭირო იყო, ტესტირებაზე უარი არ თქმულა. 30 იანვრიდან საქართველოში სულ გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა. ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ე.წ. სწრაფი ტესტებიც.

ამჟამად კორონავირუსის ტესტირებას თბილისის ლუგარის ლაბორატორიის გარდა აწარმოებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქუთაისისა და ბათუმის დეპარტამენტები და ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო.

20 მარტის 15:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 43 შემთხვევა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია.

XS
SM
MD
LG