Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია? 


კორონავირუსთან ბრძოლა ყველას დააწვა მნიშვნელოვან ტვირთად თუ შეზღუდვებად. შოუბიზნესის ვარსკვლავები და პოლიტიკოსები გამოდიან საზოგადოებრივი ერთიანობისა და სოლიდარობის მოწოდებებით, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მესიჯი ყველასთან არ მუშაობს. საერთაშორისო პრესაში იბეჭდება წერილები, რომელთა ავტორები მსჯელობენ, მაინც ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია შექმნილ კრიზისში. და ბევრგან განსხვავებულ აქცენტებსაც შეხვდებით.

მოწყვლადმა ჯგუფებმა საკუთარი თავი უნდა დაიცვანო, - წერს შვეიცარიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის Neue Zürcher Zeitung-ი 18 მარტის ნომერში: „ნათელია: თუკი ხანდაზმულმა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ Covid-19-ით დასნებოვნებას და საავადმყოფოების გადატვირთვას, პირველ რიგში, მათი პასუხისმგებლობაა ყველაფრის გაკეთება საიმისოდ, რომ ვირუსით ინფიცირება თავიდან აირიდონ. ... ახალგაზრდებს და ჯანმრთელებს ასეთი პირდაპირი საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ. სწორედ ეს არის ის სიტუაცია, რომელსაც ესაჭიროება ნაქები სოლიდარობის გამოვლენა. ახალგაზრდა და ჯანმრთელი მოქალაქეების მთავარი მოვალეობაა, არ გადასდონ ვირუსი მოწყვლად ადამიანებს, თუმცა, თუკი ისინი ვირუსს გადასცემენ სხვა ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებს, ეს არ იქნება დიდი პრობლემა - ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იმუშავებს დამცავი კედელი ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს, ჯანმრთელებსა და ავადმყოფებს შორის (ქრონიკული დაავადებები ხომ ახალგაზრდა ადამიანებშიც გვხვდება). სწორედ ეს არის ქცევის მთავარი წესები დღეს“.

ხანდაზმულ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ და არა სიძულვილიო, წერს უნგრული ინტერნეტგამოცემა Azzonnali.hu 20 მარტს: „ფოტოების გადაღების ნაცვლად ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, ავტობუსში წინა რიგებში სხედან, შეგიძლიათ მათთან, უბრალოდ, მიხვიდეთ და უთხრათ, რომ ახლა მათთვის იქ ჯდომა არ შეიძლება. თუ ისინი ბაზარში შეგხვდებიან, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რამ აიძულა იქ მოსვლა. იქნებ ისიც გაიაზროთ, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ არ არის ადვილი ცხოვრების ყოველდღიურ რიტმზე უარის თქმა. ხანდაზმულებს ვერც იმას მოვთხოვთ, ყველა მომენტში იცოდნენ განახლებული ინფორმაცია და სანდო წყაროებს ეცნობოდნენ - იმიტომ არა, რომ სულელები არიან; სწორედ იმიტომ, რომ საქმე ხანდაზმულებს ეხება“.

პანდემია უთანასწორობას აღრმავებს და ყველაზე დიდ დარტყმას ისედაც მოწყვლად ადამიანებს აყენებსო, წერს შვეიცარიაში გამომავალი მემარცხენე ორიენტაციის გამოცემა Le Courrier-ი 19 მარტის ნომერში: „დედამიწის სასოწარკვეთილი ხალხი - ლტოლვილები, უსახლკაროები, უკანონო იმიგრანტები - ახლა კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი გახდა, რადგან მათ საერთოდ აღარავინ ხედავს, ისინი უხილავები არიან. ფრონტის ხაზზე ყველაზე საჭირო პროფესიებში ხშირად ქალებს ვხედავთ - გამყიდველებს, მედდებს, მასწავლებლებს. სოციალურ უთანასწორობასთან ერთად, გენდერული უთანასწორობაც კიდევ უფრო საგრძნობი ხდება. და არის კიდევ მესამე უთანასწორობა: ტრადიციული, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ამ ჭრილშიც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამედიცინო სერვისები უთანასწორო იქნება. ... უზარმაზარი თანხები, რომლებიც ახლა გამოთავისუფლდა, პირველ რიგში, სწორედ ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დაცვას უნდა მოხმარდეს. მაგრამ აშშ-ში, მაგალითად, ამ თანხებს უწინარესად ინვესტორების ინტერესების დასაცავად მოიხმარენ, ეკონომიკის დახმარების სახელით“.

ბრიტანეთში გამომავალ კონსერვატიული და ევროსკეპტიკური ორიენტაციის გამოცემა The Spectator-ის 16 მარტის ნომერში ავტორი, ბრენდან ო’ნილი, აქვეყნებს მოსაზრებას, რომ ახალგაზრდები კრიზისს მოუმზადებლები ხვდებიან: „მსხვერპლად ყოფნა დღეს უფრო კარგ რამედ ითვლება, ვიდრე მორალური ავტონომიის ამაყი პოზიცია. ჩვენ გვიბიძგებენ ჩვენი ჭრილობების რეკლამირებისკენ, ნაცვლად ჩვენი თავისუფალი ნებით მოტანილი მონაპოვრების ზეიმისა. დღეს მოდაში არიან ‘მსხვრევადი ბუნების მქონენი’, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც ნებისმიერ წკიპურტს მათი თვითშეფასებისთვის მიყენებულ სასიკვდილო დარტყმად აღიქვამენ, ნებისმიერ უსიამოვნო იდეას - სტრუქტურული ჩაგვრის აქტად. ... იმ დროს, როცა საზოგადოებას ნამდვილად ესაჭიროება გაერთიანება, როცა სასწრაფოდ გვჭირდება თაობათაშორისი სიმამაცე და სოლიდარობა, შეძლებენ კი ახალგაზრდები ამისათვის თავის გართმევას?“

ვირუსს პრივილეგირებული სოციალური კლასები ავრცელებენო, ამბობს ავტორი, კატალინა რუის-ნავარო, კოლუმბიაში გამომავალ ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიურ გაზეთ El Espectador-ში 19 მარტს და ასკვნის, რომ პანდემიის გავრცელება მნიშვნელოვნად უკავშირდება ნეოლიბერალური ეგოიზმის ეთოსს. „მაღალი სოციალური კლასების წარმომადგენელი ადამიანები უპასუხისმგებლოდ მოგზაურობდნენ ლათინურ ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, მაინც რამხელა საფრთხეს უქმნის ეს ვირუსი მოწყვლად ჯგუფებს: ხანდაზმულებს და მათ, ვისაც ხელი არ მიუწვდება ხარისხიან ჯანდაცვაზე. ეს აჩვენებს საბაზისო ეთიკას, რომელიც ნეოლიბერალიზმისას ემთხვევა: პირველ რიგში - მე, ყოველთვის, ჩემი კონფორტი, ჩემი შენაძენი, ჩემი მსოფლმხედველობა. ნეოლიბერალური ეთიკა ინდივიდუალისტურია და თავისუფლებას ისე განმარტავს, თითქოს ყველა პრივილეგირებულ ადამიანს ჰქონდეს უფლება, რასაც მოისურვებს, ის გააკეთოს, სხვებზე ფიქრის გარეშე. ესაა ეთიკა, რომელიც უზენაესობას კაპიტალს ანიჭებს სიცოცხლესთან მიმართებით“.







  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG