Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან ბჟანიამ ვლადიმირ პუტინს სამადლობელი დეპეშა გაუგზავნა


თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სამადლობელი დეპეშა გაუგზავნა.

„ნება მომეცით გამოვხატო გულწრფელი მადლობა თქვენს მიერ გამოგზავნილი მოსალოცი დეპეშის გამო, რომელიც შეეხება ჩემს არჩევას აფხაზეთის პრეზიდენტად.

აფხაზეთისა და რუსეთის სამოკავშირეო ურთიერთობებს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ხანგრძლივი ურთიერთსასარგებლო განვითარებისთვის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პირად მონაწილეობას აფხაზეთის რესპუბლიკის გაძლიერებაში, მისი სუვერენიტეტისა და საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ გამოხატული ყოველმხრივი მხარდაჭერა ხელს გვიწყობს ჩვენი ახალი სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების გადალახვაში.

ჩემი მხრიდან მინდა დაგიდასტუროთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელობის მიზანია რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით.

ვსარგებლობ რა შემთხვევით, პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ნება მიბოძეთ გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და შემდგომი წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აღნიშნულია დეპეშაში, რომელსაც აქვეყნებს «Абхазия-Информ».

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში 23 მარტს ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 56 პროცენტი მოიპოვა.

საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. არჩევნები არალეგიტიმურად და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ დარღვევად შეაფასა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG