Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს 6-დან 2 თანამშრომელს პნევმონია აქვს


თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომლიდან ორს პნევმონია აღენიშნება, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, - აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი, დავით ბარლიანი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პირი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

„ამ ეტაპზე ჩვენთან არის 9 დადასტურებული (შემთხვევა). აქედან წუხელ შემოვიდა 6 დადასტურებული შემთხვევა. ისინი არიან ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურიდან. ორ მათგანს უფიქსირდება პნევმონია და დანარჩენებთან შედარებით მსუბუქი კლინიკით მიმდინარეობს. ერთმანეთთან კოორდინაციით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, გამოკვლეულია მათი კონტაქტები და დაკვირვება მიმდინარეობს“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბარლიანმა.

ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვსი თანამშრომლის ინფიცირების შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტრომ 28 მარტს გამოაქვეყნა.

„დაავადებულებთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით. იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება“, - იტყობინებოდა თავდაცვის სამინისტრო.

29 მარტის 15:00 საათისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული.

XS
SM
MD
LG