Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს იტყობინება


ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს იტყობინება ოთხდღიანი კლების შემდეგ. პეკინმა განაცხადა, რომ ინფიცირების ყველა ახალ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქვეყანაში შესულ პაციენტებთან.

ამასობაში აშშ-ში დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირების 164 ათასი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში იწყება ტესტირების პროცესის დაჩქარება, რათა ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველი სტრატეგიის უფრო მკაფიო სურათის მიღება იქნეს შესაძლებელი.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია COVID-19-ით გარდაცვალების ახალი შემთხვევის შესახებ იტყობინება. ამავე დროს, ქალაქ უჰანსა და პროვინცია ჰუბეიში, რომლის დედაქალაქია უჰანი, სადაც გაჩნდა პირველად ახალი ტიპის კორონავირუსი, კვლავაც არ ყოფილა დაავადების ახალი შემთხვევები. ეს კიდევ უფრო სავარაუდოს ხდის, რომ ქალაქი გაიხსნება მკაცრი საკარანტინო ზომების შემდეგ.

მაგრამ საერთაშორისო ექსპერტები კვლავაც ეჭვით ეკიდებიან ინფორმაციას ჩინეთიდან, სადაც მედია კომუნისტური ხელისუფლების კონტროლქვეშაა, უცხოური მედიისთვის წვდომა კი შეზღუდულია.

ეპიდემიის დაწყებიდან COVID-19-ით მსოფლიოში 37829 ადამიანი გარდაიცვალა, როგორც იტყობინება აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა.

მსოფლიოში დადასტურებულია ინფიცირების 787000 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 166000.

XS
SM
MD
LG