Accessibility links

მთიან ყარაბაღში ტარდება არჩევნები, საერთაშორისო კრიტიკისა და კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად


სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში დღეს დილიდან მიმდინარეობს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც უკვე მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან. „ევროკავშირი არ აღიარებს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის, პეტერ სტანოს, განცხადებაში.

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პოსტისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული კრების - 33 მანდატისათვის - 12 პოლიტიკური ძალა ეცილება ერთმანეთს.

ე.წ. არჩევნები მთიან ყარაბაღში ტარდება კორონავირუსის შესაძლო გავრცელებით გამოწვეული საერთო შიშის ფონზე. თუმცა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ დღემდე რეგიონში არ გამოვლენილა კორონავირუსით დაავადებული არც ერთი პაციენტი. ვირუსი არ დაუდგინდა მანამდე იზოლაციაში მყოფ სამ პირს.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან დაპირისპირებაში იმყოფებიან სომხებით დასახლებული სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო, რომელმაც ბაქოსაგან დე ფაქტო დამოუკიდებლობას მიაღწია 1990-იანი წლების სამხედრო კონფლიქტის შედეგად. შეიარაღებულ კონფლიქტს სამი წლის განმავლობაში 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ათასობით კი დევნილად იქცა.

1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში კვლავ იღუპებიან ადამიანები საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისა თუ ორმხრივი სპონტანური საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG