Accessibility links

საქართველო არ ცნობს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა მთიან ყარაბაღში 2020 წლის 31 მარტს“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

თბილისი მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში 31 მარტს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც უკვე მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან. „ევროკავშირი არ აღიარებს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის, პეტერ სტანოს, განცხადებაში.

ე.წ. არჩევნები მთიან ყარაბაღში ჩატარდა კორონავირუსის შესაძლო გავრცელებით გამოწვეული საერთო შიშის ფონზე.

თუმცა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ დღემდე რეგიონში არ გამოვლენილა კორონავირუსით დაავადებული არც ერთი პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG