Accessibility links

პოეტი ყარამფილით


მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან...

2 აპრილი ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა, გზნებისა და შთაგონების პოეტისა, რომელსაც, როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, მუდამ მშფოთვარე, დაუცხრომელი შთაგონებით აზვირთებულ ცისფერ, გამჭრიახ თვალებამდე პოეტურად ჩამოფხატული წაბლისფერი თმა ისე უხდებოდა, რომ ქუდს თუ ოდესმე ატარებდა ვერ იფიქრებდითო.

ფოტოებიდანაც კარგად ჩანს როგორი შთამბეჭდავი, კოლორიტული გარეგნობისა იყო.

„ქალურად დაფერილი თლილი თითებით ბუნებას იგი თითქოს იმიტომ დაეჯილდოებინა, რომ ხელში მხოლოდ კალმისტარი, ან პაპიროსი სჭეროდა“, - ასე აღწერდა ტიციანს დემნა შენგელაია, - „კისერმოკლე მსუქანი ტანის ყოველი ნაწილი ისე ცალ-ცალკე და შეუსაბამოდ ჰქონდა ასხმული, თავიც როგორღაც ისე ეჭირა, რომ ეტყობოდა, თვითონვე გრძნობდა თავისივე კოლორიტული გარეგნობით ყურადღებას როგორ იქცევდა. მუდამ ფაქიზად, მაგრამ მაინც დაუდევრად ჩაცმულ-დახურულს კარგად შეკერილი კოსტუმი ტანზე კოხტად ადგა და კიდეც არ ადგა“.

მარტო გარეგნობა კი არა, პოეტური ენერგია და ნიჭიც გამორჩეული ჰქონდა. აკი, ამბობს კიდეც თავის ავტობიოგრაფიაში, იმდენად პატარა ვიყავი, რომ არც კი მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა-კითხვაო.

„ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს.“

გალაკტიონი და ტიციანი
გალაკტიონი და ტიციანი

სწავლაში მერეც სულ მუდამ მაგარი იყო, თავისზე ერთი წლით უფროს ბიძაშვილს, გალაკტიონსაც წამოეწია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, მერე გიმნაზიაც წარმატებით დაამთავრა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, თუმცა ტიციანის მთავარ ასპარეზად მაინც პოეზია და ლექსი დარჩა, რადგან, როგორც თვითონ თქვა იმ თავის ცნობილ ლექსში, სხვაგვარად არ შეეძლო:

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს...

ტიციან ტაბიძეზე საუბრისას ძნელია გვერდი აუარო „ცისფერ ყანწებს“. როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბელა წიფურია ამბობს, სწორედ ტიციან ტაბიძემ და მისმა მეგობარმა ცისფერყანწელებმა შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი ქართული კულტურული გარემოს მოდერნიზაციაში, სწორედ მათ მონიშნეს ახალი ორიენტირი ქართული კულტურის განვითარებისათვის და ეს ორიენტირი დაუკავშირეს დასავლურ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას, „ქართული პოეზიის გამართვას მსოფლიო რადიუსით“:

„მეოცე საუკუნის ათიან წლებში ცისფერყანწელებმა შექმნეს სოციოკულტურული ფონისაქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის, საქართველოს დემოკრატიული არჩევნისათვის. და მერეც, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგაც ცისფერყანწელებმა თავიანთი პირადი ბიოგრაფიებით შექმნეს ტოტალიტარულ რეჟიმთან კულტურული, სულიერი და ფიზიკური დაპირისპირების მაგალითები. თვით ცალკეული კომპრომისული ტექსტების მიღმა, მათ შექმნეს რეჟიმის მამხილებელი ნაწარმოებები“.

ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე
ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე

...და ემსხვერპლნენ კიდეც საბჭოთა რეჟიმს გამორჩეული ყანწელები: ტიციანი, პაოლო, ნიკოლო...

„გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი,
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“...

ეს ლექსი („ანანურთან“) ტიციანმა1924 წლის აჯანყების შემდეგ დაწერა, ერთი წლის შემდეგ კი სერგეი ესენინის თვითმკვლელობამაც ათქმევინა:

ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში
ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს...

და დაგორდა კიდეც, თუმცა მანამდე კოლეგა-მწერლები გაამზადებენ მისთვის ეშაფოტს.

1937 წლის 30 სექტემბრის „ლიტერატურულ საქართველოში“ გიორგი ნატროშვილი გამოაქვეყნებს წერილს სათაურით „პოლიტიკური გახრწნის ჭაობში“, რომელშიც ტიციან ტაბიძეზე იტყვის:

„...მან შეაფურთხა კაცობრიობასაც, სამშობლოსაც, პოეზიასაც და საერთოდ ყოველგვარ ჭეშმარიტ გრძნობას; თურმე ქართველი ხალხის მთავარი თვისება - სიზარმაცე და ლოთობა ყოფილა. ამაზე მეტი უპასუხისმგებლობა და, თუ გნებავთ, დადაიზმიც მართლაც ძნელი მოსაძებნია. .. რეტროგრადული სიბნელით, საშუალო საუკუნეობრივი თილისმებით და მისტიკური ბნედიანობის შხამით მოწამლულია უდიდესი ნაწილი მისი ლექსებისა“.

მალე ახდება ტიციან ტაბიძის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, "თორმეტმა მღვდელმა მამა გასუდრეს, მე ერთი მღვდელიც წესს არ ამიგებს"... ცნობილია, რომ საბჭოთა საპყრობილეებში დახვრეტილებს წესს არ უგებდნენ!

1937 წლის 9 ოქტომბერს, გვიან ღამით მიაკითხავენ გრიბოედოვის N18-ში, სადაც პოეტი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. კარს 16 წლის ნიტა ტაბიძე გააღებს, წლების შემდეგ კი ასე აღწერს ჯალათების სტუმრობას:

„ტიციან ტაბიძე აქ ცხოვრობს? მკითხეს და ქაღალდი მაჩვენეს დაკითხვაზე უნდა წავიყვანოთო. მამა გავაღვიძე, მახსოვს, სავარძელში იჯდა, ხელები უთრთოდა, სიგარეტს ვერაფრით მოუკიდა. ისინი სახლს ჩხრეკდნენ. წაიღეს ფიროსმანის მიერ დახატული რუსთაველი, მამას პორტრეტი და ანდრეი ბელის ნაჩუქარი "დრევა ჟიზნი". 3 საათზე სახლის ჩხრეკას მორჩნენ“.

ტიციანი და ნიტა
ტიციანი და ნიტა

პოეტი ორთაჭალის ციხეში მოათავსეს. ბრალად წაუყენეს 1933 წლიდან ფაშისტურ ორგანიზაციაში მონაწილეობა და მავნებლური მუშაობის წარმოება ლიტერატურის ფრონტზე.

15 დეკემბერს, ორთვიანი წამების შემდეგ ტიციან ტაბიძე დახვრიტეს ისე, რომ"სამეულს" მისი საქმე ფორმალურადაც არ განუხილავს, ოჯახს კი შეატყობინეს, ტიციანი უნდა გადაასახლონ და თბილი ტანსაცმელი გამოუგზავნეთო!

ოჯახი დიდხანს ელოდა "გადასახლებულის" წერილებს, რომლების წერაც ასე უყვარდა ტიციანს და რითიც, დაპატიმრებამდე, ხშირად ანებივრებდა ხოლმე ერთადერთ ქალიშვილს.

საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში შემორჩენილია ტიციანის მიერ ლენინგრადიდან გამოგზავნილი წერილები, რომლებიც ზრუნვით, სიყვარულითა და იუმორითაა გაჟღენთილი:

„ჩემო ლამაზო გოგონა ნიტიკო! როგორ ხარ გენაცვალე, თურმე მემდური, რომ ვერაფერი გამოგიგზავნე. ჩამოგიტან ფუტბოლის ტუფლებს, ტრუსიკებს საბანაოს და ბევრს ყვავილებს. გაკოცებ ბევრს, შენ თუ ჭკუით იქნები და ბებოს არ გააჯავრებს. შენი მამიკო ტიციანელო“

მაგრამ ვერც პოეტის ქალიშვილი, ნიტა და ვერც პოეტის ქვრივი, ნინო მაყაშვილი ვეღარ მიიღებენ ძვირფასი ადამიანისგან სიყვარულით სავსე წერილებს. ტიციანი უსაფლავოდ დაიკარგება, ნინო მაყაშვილს კი, წლების შემდეგ, დიდუბის პანთეონში გაუჭრიან საფლავს და სწორედ იქ დაიტირებენ მეგორები, ნინოსთან ერთად, ტიციანსაც:

გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე

„შენ მართლაც ისტორიული ქალი ხარ. ჩვენი ახალი მწერლობის ამაგდარი, ახალი სიტყვის მქადაგებელ პოეტებთან ერთად თანამებრძოლი და თანამოსაგრე, ჩვენი ზვარაკი ტიციანისა და მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი“, - იტყვის გამოსათხოვარ სიტყვაში გიორგი ლეონიძე, - „...არ ვიცით, სად წევს ტიციანი, თუმცა მისი საბოლოო მამული უნდა დიდუბის მიწა ყოფილიყო და ამიტომაც შენ წვები ამ მიწაში ტიციანის მაგივრადაც და ამ უდროოდ გათხრილ ერთ საფლავში ამიერიდან ჩვენთვის ორი სამარე იქნება - ნინოსი და ტიციანის“.

და ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ ტიციანის სხვა წინასწარმეტყველებაც ახდა:

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ - ესეც დარჩება.
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი;
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი...

ნინო მაყაშვილი და ტიციან ტაბიძე
ნინო მაყაშვილი და ტიციან ტაბიძე

2 აპრილი რომ ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა, უთუოდ ახსოვთ ქართული ლიტერატურის მოყვარულებს და ამ დღეს უთუოდ ახსენდებათ მათ დემნა შენგელაიას თვალით დანახული ტიციანი, ახსენდებათ „მისი ბავშვურად დაბუსხული მსხვილი ტუჩებივით წითელი და განუყრელი მიხაკი, ის რომ ყარამფილს უწოდებდა, მკერდზე მუდამ სისხლის კოშტივით რომ ენთო და იმნაირად დაჰქონდა, თითქოს მისი ტარების ნება მხოლოდ მას ჰქონდა. სახელსაც ყვავილოვანს, უცხოსა და ჟღერადს ატარებდა: ტიციან ტაბიძე...“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG