Accessibility links

სოფელი ქვემო ბოლნისი მთლიანად ჩაკეტეს


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში, პირველ აპრილს, კარანტინი კიდევ უფრო გამკაცრდა, მას შემდეგ, რაც სოფლიდან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„სოფელი მთლიანად ჩაიკეტა, შემუშავებულია ლოჯისტიკა, რომ სოფელს არ შეექმნას სასურსათო პრობლემა, არ მოხდეს შეფერხება მედიკამენტებით მომარაგებასა თუ კუთვნილი თანხების მიღებაში, 3 აპრილს სოფელში „ლიბერთი ბანკის“ მობილური ეკიპაჟი შევა“, - უთხრა ჟურნალისტებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვემო ბოლნისი ადმინისტრაციული ცენტრიდან 6 კილომეტრით არის დაშორებული. გუბერნატორმა რეხვიაშვილმა დასძინა, რომ ჩაკეტილ სოფელში ერთი ოჯახის ოთხი წევრი, მათგან 19 წლის ორსული, „კვეთაშია“ მარნეულში პირველად გამოვლენილ ინფიცირებულ ქალთან.

შოთა რეხვიაშვილმა, ასევე თქვა, რომ 3 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში დასრულდება ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი. „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 104 ათასმა ადამიანმა უკვე გაიარა ეს პროცედურა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 44 ათას ადამიანს ჩაუტარდა, იქაც, პროცესი, სავარაუდოდ, ორ დღეში დასრულდება“, - ამბობს შოთა რეხვიაშვილი. მან დასძინა, რომ თერმოსკრინინგის შედეგად გადაყვანილთაგან ოთხი ადამიანი სტაციონარში რჩება და ელოდება ლუგარის ლაბორატორიის დასკვნას.

რაც შეეხება ქვემო ბოლნისს, გუბერნატორის თქმით, „შემოვლები“ ახლახანს დასრულდა და სოფლის მოსახლეობას განმეორებითი თერმოსკრინინგი ორი კვირაში, კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი გავლის შემდეგ ჩაუტარდება.

მთავრობამ 31 მარტიდან ფაქტობრივად კარანტინის ზომას მიმართა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. მანამდე, 23 მარტიდან კი მკაცრი კარანტინი გამოცხადებული იყო მხოლოდ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ქალის ინფიცირების გამო, რომელსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG