Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ 2006 წლის "ციხის ბუნტის" საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა


სტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების არსებითი და პროცედურული დარღვევა დაადგინა საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს, სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში „ციხის ბუნტის“ ძალით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩახშობისას პატიმრების, 23 წლის ზურაბ კუხალაშვილის და 29 წლის არსენ ბუხრაშვილის გარდაცვალებას მიყენებული ჭრილობების შედეგად.

კუხალაშვილის და ბუხრაშვილის ნათესავებმა სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართეს. ისინი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებდნენ და ხელისუფლებას არაეფექტურ გამოძიებაში ადანაშაულებდნენ. „ციხის ბუნტის“ ჩახშობისას სულ 7 პატიმარი დაიღუპა.

2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავს შემთხვევევში ძალის გამოყენება კანონიერია, თუმცა, ოპერაცია არ იყო კონტროლირებული, სამართალდამცავები არ იღებდნენ მკაფიო ბრძანებებს და ინსტრუქციებს, რათა მსხვერპლი რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო და ხელისუფლებას არც კი განუხილავს ზემოქმედების ნაკლებად მკაცრი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის კრიზისის მოგვარება მოლაპარაკების გზით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ძალის გამოყენება მოხდა განურჩევლად და გადამეტებულად და დაჭრილებს არ გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

სტრასბურგის სასამართლომ უარყოფითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო გვიან, მხოლოდ 2006 წლის ივნისში, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვება შეუძლებელი გახადა, გამოძიების დროს არ გამოკვლეულა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ძალის გამოყენების ფაქტები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი.

დარღვევების გამო, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ ზურაბ კუხალაშვილის ორ ნათესავს უნდა გადაუხადოს ერთობლივად 40 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 5 400 ევრო სასამართლო ხარჯებისთვის, ხოლო არსენ ბუხრაშვილის ნათესავს 32 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 3 400 ევრო ხარჯებისთვის.

საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ვერსიით, 2006 წლის „ციხის ბუნტი“ დაგეგმეს ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, რომლებიც საპატიმროს საავადმყოფოდან გადაჰყავდათ. მსჯავრდებულთა ნაწილის ვერსიით კი, ბუნტი მოჰყვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, ბაჩო ახალაიას მიერ პატიმართა წამებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის მარტში „ქართული ოცნების“ მთავრობამ „ციხის ბუნტის“ საქმე გახსნილად გამოაცხადა. სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო არაადამიანურ მოპყრობაში და ამნისტიის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელად განუსაზღვრა პატიმრობა 3 წლის და 9 თვის ვადით. ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კიდევ სამ ბრალდებულს, მათ შორის სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG